საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის „ტავ ურბან ჯორჯიას“ შემოსავალზეც აისახა. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ტავ“-ის შემოსავალმა 250,976 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37,704 მლნ ლარით (17,5%) მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით (214,272 მლნ ლარი).
ამასთან, კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 32,331 მლნ ლარით გაიზარდა საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული მოგებაც და 2018 წელს 183,616 მლნ ლარი შეადგინა (2017 წელი - 156,652 მლნ ლარი). 7,450 მლნ ლარით (4,7%) გაიზარდა „ტავ ურბან ჯორჯიას“ წლის მოგებაც და 164,102 მლნ ლარი შეადგინა. მოგების გადასახადის სახით კი შარშან „ტავმა“ 23,166 მლნ ლარი გადაიხადა.
„ტავ ურბან ჯორჯია“ შემოსავალს იჯარით გაცემული ფართებისგან, პარკირებისგან და ა.შ. იღებს. 2018 წლის ბოლოს თბილისის აეროპორტში ავიაკომპანიების ოფისების, სტენდებისა და კომერციული ობიექტების რაოდენობამ ჯამში გადააჭარბა 100 ერთეულს (გაფრენისა და ჩამოფრენის ორივე ტერმინალში ერთად). ამ ტიპის საიჯარო შემოსავლებში ზრდამ წინა წელთან შედარებით კი 27%. შეადგინა. ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, Duty Free და კვების ობიექტების კონცესიის შემოსავლები 15% და 24% გაიზარდა 2017 წლიდან 2018 წლისთვის. კომერციული და საავიაციო ობიექტების იჯარის შემოსავლები 20% და 22%-ით გაიზარდა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, რასაც „ტავში“ ახალი ავიაკომპანიების დამატებას და აეროპორტის დატვირთულობის ზრდას უკავშირებენ.
“ტავ ურბან ჯორჯიას” 250,976-მილიონიანი შემოსავლები კონკრეტული მიმართულებების მიხედვით ასე ნაწილდება:
შემოსავლებისა და მოგების ზრდის პარალელურად, 2018 წელს „ტავ ურბან ჯორჯიაში“ გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობაც. საანგარიშო პერიოდში კომპანიაში სულ 729 ადამიანი იყო დასაქმებული (2017 წელს - 659), საიდანაც 729 არის საქართველოს მოქალაქე, 8 - უცხოეთის. ამავე წელს თანამშრომლების ანაზღაურებაზე კომპანიამ 18,546 მლნ ლარი დახარჯა, კვებაზე - 2,642 მლნ ლარი, დაზღვევაზე - 454 ათასი ლარი და ა.შ. სულ თანამშრომლებზე გაწეულმა ხარჯმა 2018 წელს 21,887 მლნ ლარი შეადგინა.
„ტავ ურბან საქართველო“ არის "TAV Airports Holding" ჯგუფის წევრი, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2005 წელს დაიწყო და განახორციელებს საქმიანობას 2027 წლამდე "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან" არსებული ხელშეკრულების ფარგლებში. 2018 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა რაოდენობამ 3,808,650 შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.