სამხრეთ კავკასიის მილსადენის მშენებლობისა და გაფართოების პროცესის დროს და მოგვიანებით „ნამახვანის პროექტის“ განვითარებისას, ჩვენ წავაწყდით და ვნახეთ, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა გლობალური ინტეგრაციის მიმართულებით, შექმნა რა კეთილგანწყობილი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის. საქართველო ლიდერია ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში, - ამის შესახებ თურქული კომპანია ENKA Power-ის გენერალურმა მენეჯერმა ფატი გუვენიმ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტის ცვლილებისა და ევროკავშირის რეგლამენტებთან ქართული კანონების ჰარმონიზაციის პროცესის პარალელურად გახსნილი ბაზრის ერთგულება და უკეთესი საინვესტიციო გარემოს შექმნის მისწრაფება საქართველოს მხრიდან არ შეცვლილა.
თავის მხრივ, კითხვაზე პასუხად, თუ რატომ დაინტერესდა საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით, სამშენებლო კომპანია m2-ის აღმსარულებელმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ ეკონომიკური ზრდა, წესრიგი და კანონის უზენაესობა დაასახელა.
„10 წლის წინ m2-მა დაიწყო ინვესტირება საქართველოში. ჩვენ ვნახეთ ეკონომიკური ზრდა, წესრიგი და კანონი ქვეყანაში მაღალ დონეზე იყო და დავიწყეთ ინვესტირება. როცა ვუყურებთ საქართველოს, ვხედავთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი რეფორმატორი ქვეყანა მსოფლიოში. საქართველო მეექვსეა მსოფლიო ბანკის რეიტინგით, ბიზნესის წარმოების სიმარტივით. ქვეყნის რეფორმირების მიმართულებით საქართველოს გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკის მაჩვენებელი, რომელიც იზრდება 5%-ით ყოველ წელს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. საქართველომ მსგავს ქვეყნებს თითქმის ორჯერ აჯობა დსთ-ში და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ამ მიმართულებით. ფიქსირებული და დაბალი გადასახადებია. ბოლო დროს გადასვლა ესტონურ მოდელზე, სადაც რეინვესტირებული შემოსავლები არ იბეგრება, გახლავთ დამატებითი სტიმული ინვესტორებისთვის, რათა გააფართოვონ თავიანთი ბიზნესაქტივობები ქვეყანაში. კორუფციის დამარცხება იყო ერთ-ერთ ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოს მთავრობის. დაბალი კორუფცია კვლავ მნიშვნელოვანი სტიმულია ინვესტორებისთვის და როგორც უკვე იყო აღნიშნული რამდენჯერმე, საქართველო ნომერ პირველია ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნებისა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. იქიდან გამომდინარე, რომ ვართ უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები, მინდა კიდევ ერთი ფაქტორი აღვნიშნო, რაც ძალიან მნიშვნელოლვანია ჩვენთვის გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, რომ ინვესტირება მოვახდინოთ საქართველოში - ეს არის ადგილმდებარეობა. თუ შევხედავთ მსოფლიო რუკას, ვნახავთ, რომ საქართველოს აქვს ბრწყინვალე ადგილმდებარეობა“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.