მოსახლეობის აღწერა დაახლოებით 18 მილიონი ლარი დაგვიჯდება

აღწერის პროცესში დაქირავებული ადამიანების შრომის ანაზღაურება 400-700 ლარით განისაზღვრება

ნოემბერში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყნის მოსახლეობის საყოველთაო აღწერას იწყებს: 5 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე "საქსტატის" მიერ დაქირავებული 12 500 აღმწერი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. როგორც "საქსტატის" მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი - პაატა შავიშვილი ამბობს, ისინი შესაბამისი ეკიპირებით, მაისურითა და ჩანთებით იქნებიან აღჭურვილი, ”კარდაკარ”-ის პრინციპით იმუშავებენ და ყველა ოჯახს ესტუმრებიან. ითქვა ისიც, რომ მოსახლეობის აღწერის პროცესში სტუდენტებიც აქტიურად ჩაერთვებიან.

”საქსტატის” ინფორმაციით, აღწერისათვის მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. როგორც წესი, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. უკანასკნელი აღწერა საქართველოში, 2002 წლის იანვარში ჩატარდა, მომდევნო კი - 2010 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით, bpn.ge  "საქსტატის" მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსს პაატა შავიშვილს ესაუბრა.

პაატა შავიშვილი: საზოგადოებამ უკვე იცის, რომ 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით მოსახლეობის აღწერა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. აღმწერი ვალდებულია შემოიაროს სამოქმედო არეალი, რომელსაც  ”საქსტატი” განუსაზღვრავს, მაგრამ იქამდე - 1-დან 3 ნოემბრის ჩათვლით აღმწერი წინასწარ შევა ყველა ოჯახში და შეათანხმებს სავარაუდო დროს, როდესაც ოჯახის ყველა წევრს ეცლება, თითოეულმა ადამიანმა ერთი საათი მაინც უნდა გამოყოს ინტერვიუსათვის. მხოლოდ ამის შემდეგ მიდის აღმწერი ოჯახში სპეციალური კითხვარით, რომელიც არც ისე მარტივია, იმიტომ, რომ მოსახლეობის აღწერასთან ერთად წელს სასოფლო-სამეურნეო აღწერასაც ვატარებთ, რაც ქვეყნისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. სასოფლო-სამეურნეო კითხვარის მიხედვით დადგინდება, თუ რა მოცულობის სახნავ-სათესი მიწა, ან რა რაოდენობის ფრინველი თუ პირუტყვი ჰყავს თითოეულ ოჯახს. რა თქმა უნდა, სასოფლო-სამეურნეო აღწერა ძირითადად რეგიონების მკვიდრებს შეეხება, მაგრამ შეიძლება თბილისის მცხოვრებსაც ჰქონდეს რომელიმე რაიონში მცირე მეურნეობა და მიწის ნაკვეთი, რომელსაც ამუშავებს, შაბათ-კვირას ჩადის, მოსავალიც მოჰყავს და ამ ნაკვეთიდან ფინანსურ სარგებელსაც ნახულობს. აღწერის შედეგად დადგინდება თითოეული ოჯახის საბინაო პირობები და სოციალური მდგომარეობა. ამავე დროს შედგენილი გვაქვს ინდივიდუალური კითხვარი, რომელიც ყველა იმ ადამიანმა უნდა შეავსოს, რომელიც 5 ნოემბერს, ღამის 12 საათისათვის საქართველოში იქნება. ეს შეეხება როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს: შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩვენი მოქალაქეობა არ ჰქონდეს, მაგრამ აქ ცხოვრობდეს და საქმიანობდეს. ამიტომ, ის ისეთივე აღწერის ობიექტია, როგორიც ნებისმიერი სხვა ადამიანი.

-მოსახლეობის აღწერა ემიგრანტებსაც შეეხება?

-ქართველი ემიგრანტების შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ გაეროს მიერ დადგენილი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მუდმივ მცხოვრებად უნდა მივიჩნიოთ ადამიანი, რომელიც 12 თვეზე მეტ ხანს ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში და ამავე დროს, აპირებს დარჩეს აქ 12 თვეზე მეტ ხანს. ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გასულია ქვეყნიდან და ცხოვრობს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, შესაბამისად, 2014 წლის აღწერა მათ გარეშე ჩატარდება.

-რა თანხა დაიხარჯება საყოველთაო აღწერისათვის სპეციალურად დაქირავებულ პერსონალზე?

-აღწერის პროცესში დაქირავებული ადამიანების შრომის ანაზღაურება 400-700 ლარით განისაზღვრება. 400 ლარი არის რეგიონებში მომუშავე აღმწერის ხელფასი, ხოლო 500- თბილისში მომუშავისა, 600 ლარი კი - ხუთი აღმწერის ზედამხედველის, ანუ ინსტრუქტორ-კონტროლიორის ხელფასია. ყველაზე მეტი ანუ 700 ლარი - სექტორის ზედამხედველის ხელფასია, რომელმაც 35 აღმწერს უნდა უხელმძღვანელოს. ზედამხედველებმა ტრენინგები უნდა ჩაატარონ თავის პერსონალთან, ამიტომ მათ უფრო დიდხანს მოუწევთ მუშაობა - კერძოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის პირველ რიცხვებამდე. ხოლო რიგითი აღმწერები მხოლოდ ნოემბრის განმავლობაში იმუშავებენ.

- მთლიანობაში საყოველთაო აღწერას რა თანხა დასჭირდება?

- საყოველთაო აღწერისათვის მოსამზადებელი ეტაპი 2006 წელს დაიწყო და ეს პროცესი 2016 წლის მაისამდე გაგრძელდება. იქამდე კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი: აღწერის დასრულების შემდეგ მოპოვებული მასალა უნდა დავამუშაოთ და კომპიუტერში შევიყვანოთ. ამისათვის 300-400 ადამიანის დაქირავება მოგვიწევს. წინასწარი გათვლებით საყოველთაო აღწერაზე 18 მილიონი ლარი დაიხარჯება, რასაკვირველია, ეს საშუალო მაჩვენებელია. ჩვენი ანგარიშით, ერთი ადამიანის აღწერა 2 დოლარი და 30 ცენტი ჯდება ანუ დაახლოებით 4 ლარი. ბუნებრივია, თანხა პროექტის დასრულებამდე დარჩენილი 18 თვის განმავლობაშიც დაიხარჯება. აქვე უნდა ვთქვა, რომ ფართებსაც კი არ ვქირაობთ, რადგან სახელმწიფომ გადმოგვცა ჩვენი ყოფილი ოფისი, რომელიც წყნეთში მდებარეობს და ჩვენი ოპერატორები იქ იმუშავებენ. ეს ის 400-მდე ადამიანია, რომელმაც ნოემბრის თვეში მოპოვებული მონაცემები უნდა დაახარისხოს და კომპიუტერში შეიყვანოს. სწორედ ამ ხალხის ანაზღაურებაზე წავა დიდი ნაწილი 18 მილიონი ლარიდან. 2015 წლის აპრილში წინასწარი შედეგები უნდა დავდოთ, ხოლო ერთი წლის შემდეგ უკვე საბოლოო მონაცემებიც გამოქვეყნდება. ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონის თანახმად, 2016 წლის აპრილში ჩვენ უკვე ვალდებულნი ვიქნებით ეს მონაცემები გამოვაქვეყნოთ.

- დავუშვათ, ეს 18 მილიონი ლარი ყველაფრისთვის არ გეყოთ...

- გამორიცხული არ არის, რომ მომავალ წელს რაღაც შეიცვალოს და უფრო მეტი თანხაც დაგვჭირდეს, მაგრამ ფინანსური პრობლემების მოგვარებაში ძირითადად დონორები გვეხმარებიან. როდესაც ბიუჯეტი ვერ გვაფინანსებს, სწორედ ისინი გვეშველებიან. სხვათა შორის, ამ 18 მილიონში დონორების კონტრიბუციაც შედის. მარტო წელს 2 მილიონი ლარით გვაფინანსებს გაეროს მოსახლეობის ფონდი და შვედეთის განვითარების სააგენტო. საერთაშორისო ორგანიზაციები წინა წლებშიც საკმაოდ აქტიურად გვეხმარებოდნენ, მათ შორის - მსოფლიო ბანკი და გაეროს მოსახლეობის ფონდიც. ალბათ დამეთანხმებით, რომ მოსახლეობის აღწერა აუცილებელი პროცედურაა, 2010 წელს საქართველოში მისი ჩატარება ვერ მოხერხდა, ამიტომ ოთხი წლის დაგვიანებით მაინც უნდა ჩატარდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე