"ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გაიმართოს"

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გაიმართოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ვერნერ ლიპახმა განუცხადა. ლიპახმა ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს აქვს ის უპირატესობა, რომ შავ ზღვაზე პორტი გააჩნია. ეს მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, უფრო ღრმაწყლოვანი პორტის აულებლობა ცალსახაა. ანაკლია ამისთვის ერთ-ერთი არჩევანია. ამ მიმართულებით მეტი დროა საჭირო, რომ პროექტი სათანადოდ განვითარდეს შორს მიმავალ პერსპექტივაში. მე ვიცი, რომ ამ ეტაპზე არის გარკვეული გამოწვევები, თუმცა, ეს ასეთი დიდი პროექტისთვის ნორმალურია.

მთავარი ისაა, რომ როდესაც ასეთი დიდი პროექტი გაქვს, გჭირდება ძალიან ძლიერი ფინანსური სპონსორი, რომელიც მას მხარს დაუჭერს. ეს უნდა იყოს მსოფლიო დონის სპონსორი, დიდი გამოცდილებით. ასევე გასათვალისწინებელია ის რისკები, რომელსაც კერძო სექტორი გაიღებას და რისკები, რომელსაც სამთავრობო სექტორი გაიღებს. უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები ძალიან დიდი სიფრთხილით. ასევე, აუცილებელია იყოს წინასწარი მონაცემები სავარაუდო ტრაფიკის შესახებ, რათა მოხდეს სრულფასოვანი ანალიზი ბიზნესისთვის, რადგან როცა ასეთ დიდ ინვესტიციას აკეთებ, უნდა გქონდეს სწორი მონაცემები“, - აღნიშნა ლიპახმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოში კარგი საინვესტიციო გარემოა.

„საქართველოში, მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ კარგი საინვესტიციო გარემოა. სამთავრობო რეგულაციები და შეღავათიანი გარემო ინვესტიციებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. კონკურენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისადმი იქნება ინფრასტრუქტურის განახლება. ასევე უნდა გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო სტანდარტები. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ამ მიმართულებებით ვმუშაობთ“, - განაცხადა ლიპახმა.