გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის ელჩს, გეორგ ლეუკას შეხვდა. შეხვედრაზე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე ვენახების კადასტრის პროგრამის, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ რეგულაციების მნიშვნელობაზე.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, ასევე, ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერაზე.
„ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების, ასევე ევროკავშირის რეგულაციებისა და დირექტივების ეფექტიანი დანერგვის კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის, ხორბლის ჯიშების სელექციის, მეთესლეობის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით მოლდოვასთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს, ასევე განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის საკითხებს.
მოლდოვას რესპუბლიკის ელჩმა, გეორგ ლეუკასმა საქართველოს მიერ დარგში მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.