"დაუშვებელია ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელიც ნეგატიურად აისახება ბიზნესსა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე"

ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ ის, რაც ნეგატიურად აისახება ბიზნესსა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ასეთი სახის კანონპროექტის მიღება დაუშვებელია და არ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკითხებზე, რაც ბიზნესს აწუხებს, მათ შორის პირველი განსახილველი საკითხი იყო „შრომის კოდექსში“ ცვლილებები.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანებაა ქვეყანაში. გვინდოდა, უფრო მეტი კომუნიკაცია გვქონოდა საქართველოს პარლამენტთან. შეხვედრის ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან წამოვიდა. ამ ფორმატში უკვე მეორე შეხვედრა ჩავატარეთ. შეხვედრაზე მოვდივართ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები და ხელისუფლების მხრიდან არიან პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე. შეხვედრაზე ღიად ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც გვაწუხებს. „შრომის კოდექსში" ცვლილებებზე მთელმა ბიზნესმა ძალიან უარყოფითი პოზიცია არგუმენტირებულად დავაფიქსირეთ. გვიხარია, რომ როგორც მთავრობამ, ასევე პარლამენტმა ცალსახა სულისკვეთება გამოთქვეს. ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ ის, რაც ნეგატიურად აისახება ბიზნესსა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ასეთი სახის კანონპროექტის მიღება დაუშვებელია და არ უნდა მოხდეს. ნორმირებული სამუშაო დროის დადგენა მიუღებელია, ასევე ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობის დადგენა, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების პარამეტრების დადგენაც. საუბარი იყო, რომ უნდა მოხდეს, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის ნაწილში მოთხოვნების გამკაცრება. ასევე, იყო შრომის ინსპექციის უფლებამოსილების გაფართოება. ეს ის საკითხებია, რაც ქართულ ბიზნესზე უარყოფითად აისახებოდა. ჩვენ გვინდა, დაბალანსებული, სწორი, კორექტირებული პირობები იყოს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. რამდენიმე ათასი ადამიანი გვყავს დასაქმებული. 200 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული იმ კომპანიების მიერ, ვინც ასოციაციაშია გაწევრიანებული. ამ ხალხს პატივს ვცემთ. ერთ საქმეს ვაკეთებთ და ურთიერთობა კორექტული უნდა იყოს, დაბალანსებული და პროფესიული”,-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისივე თქმით, ასოციციაციას აქვს მოთხოვნა, რომ ქვეყანაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს ბიზნესის განვითარებისთვის, რადგან ძლიერი ბიზნესი და ძლიერი ეკონომიკა ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედია.