ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ამჟამად სებ-ი აანალიზებს ინფორმაციას, თუ რა ზეგავლენა მოახდინა საბანკო რეგულაციებმა და არსებობს სურვილი, რომ ზედმეტი ბიუროკრატიის არსებობის შემთხვევაში, ამ მხრივ რეგულაციები გამარტივდეს.
როგორც გვენეტაძემ, საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რეგულაციის ძირითადი პრინციპი -ჭარბვალიანობასთან ბრძოლა, შენარჩუნდება. „თუ რაიმე ზედმეტი ბიუროკრატია არის, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეს რეგულაციები ამ მხრივ გავამარტივოთ ისე, რომ ის ძირითადი პრინციპი რაც ჩადებულია, კერძოდ, არიდებული იყოს ჭარბვალიანობა, შენარჩუნდეს. ანუ, სესხის მიღება მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა ამის გადახდის საშუალება არის. ასე რომ, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. განხილვები იქნება როგორც საბანკო ასოციაციასთან, ასევე, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან და როცა უკვე დავრწმუნდებით, რომ ეს არის გასაკეთებელი, მაშინ ამ გამარტივების მიმართულებით გადაწყვეტილებას მივიღებთ”, - განმარტა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად რეგულაციებისა, საკრედიტო პორტფელის ზრდა საკმაოდ კარგია, დაახლოებით, 13%-ია გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე.
„ამავე დროს, რაც მნიშვნელოვანია, ცვლილებებია პორტფელის შემადგენლობის კუთხით. უფრო იზრდება კორპორატიული სესხები, სესხები მცირე და საშუალო ბიზნესზე. წლიურ მაჩვენებელს თუ ავიღებთ, სექტემბრის ბოლოს კორპორატიული სესხები 19.6%-ით არის გაზრდილი, მცირე და საშუალო ბიზნესის - 19.2%-ით, ხოლო საცალო სესხები 6.2%-ითაა გაზრდილი,”-აღნიშნა გვენეტაძემ.