"ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი"

საქართველოს ეროვნული ბაკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება.

„ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა სხვადასხვა ფაქტის. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს უძრავ-მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას.

ბოლო დროს ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელმაც გაზარდა ეროვნული ბანკის ფუნქციები, ესეც არაა საკმარისი, კიდევ უფრო გაიზრდება სებ-ის ფუნქციები, რადგან დღეს ფინანსურ სისტემაში ბევრი გამოწვევა არსებობს. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება ახალი ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს სებ-ის სამუშაო პროცესის შეუფერხებელ წარმართვას, არა 2 ან 3 წლის, არამედ მომდევნო 50 წლის განმავლობაში“, - განაცხადა გვენეტაძემ.

გვენეტაძის თქმით, მიწა ახალი სათავო ოფისისთვის, გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტით და კანონის სრული დაცვით შეირჩა.

„თავდაპირდველად მიწის ნაკვეთის მოძიებისთვის სებ-მა ეკონომიკის სამინისტროს და თბილისის მერიას მიმართა. უწყებებიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თავისუფალი მიწის ნაკვეთის არარსებობის შესახებ პასუხის მიღების შემდეგ მოვიძიეთ სხვა ალტერნატივები. ყველა პროცედურა უმაღლესი სტანდარტებით იყო დაცული,“-აღნიშნა გვენეტაძემ.

ამასთან, გვენეტაძემ განაცხადა, რომ 2012 წელს, სებ-მა იუსტიციის სახლის შენობის იმ ნაწილის სანაცვლოდ, სადაც ახლა სათავო ოფისი მდებარეობს, 16 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა.

„არ დაგავიწყდეთ, რომ 2012 წელს, როდესაც ეროვნული ბანკი გადმოვიდა არსებულ შენობაში, მაშინ ეროვნულმა ბანკმა ამ შენობაში 16.4 მლნ დოლარი გადაიხადა, რაც დღევანდელი კურსით 50 მლნ ლარია. ახალი ოფისის მშენებლობის ხარჯის დაფარვა დიდწილად სწორედ ამ შენობის რეალიზაციიდან მიღებული თანხით მოხდება. საუბარი იმაზე, რომ როდის მოხდება ეს, როდის დაცლის ეროვნული ბანკი ამ შენობას, ეს ძალიან დიდი ხნის პერსპექტივაა, რადგან როდესაც ვსაუბრობთ ახალი შენობის აშენებაზე, ეს შეიძლება 3-4 ან მეტი წელი გაიჭიმოს პროცესი. ამიტომ, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი,”- განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, რა ღირებულებით მოხდება სებ-ის არსებული ოფისის გაყიდვა, ჯერჯერობით შეფასებული არაა.