ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ სებ-მა მიმართა „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტს, თუმცა აუდიტის დასკვნა, სადაც „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით „ფულის გათეთრების“ ნიშნები ჩანს, „თიბისი ბანკს“ არ გააჩნია.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მას შემდეგ რაც მედიაში გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებულ აუდიტის ანგარიშზე, სებ-მა ბანკს მიმართა და ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.
„თიბისი ბანკმა“ შეისყიდა „პროგრეს ბანკის“ დაახლოებით 95%. ამ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი ინფორმაციას არ ფლობს. ჩვენ „თიბისის მენეჯმენტს“ მივმართეთ, რომ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ეცნობებინათ პროკურატურისათვის და ასევე ეცნობებინათ სებ-ისთვის. „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტმა მოგვწერა, რომ მედიაში გავრცელებული შინაარსის მქონე აუდიტის დასკვნა, სადაც ჩანს „ფულის გათეთრების“ ნიშნები, ბანკს არ გააჩნია“, - განაცხადა გვენეტაძემ.
ცნობისთვის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „პროგრეს ბანკი“ „თიბისი ბანკს“ არ შეუძენია, „თიბისი ბანკმა“ შეიძინა რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, დანარჩენი, თავის ბანკიანად, ეროვნულმა ბანკმა ძალიან ოპერატიულად გააქრო რადარებიდან“. მისივე თქმით, ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიების საგანი.
ამასთან, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ სანამ „პროგრეს ბანკის“ ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მათ უცხოურ ორგანიზაციას დაუკვეთეს აუდიტი, რომელმაც „პროგრეს ბანკში“ „კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა“ დააფიქსირა. მეტიც, ხაზარაძის თქმით, „გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები“.