„ნისანი“ ბრენდ „დატსანის“ გაჩერებას აპირებს

„როიტერსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ნისან მოტორი“ თავის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების მწარმოებელ ბრენდ „დატსანის“ გაჩერებას აპირებს. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც კომპანიის წარმოების მოცულობის შემცირებას ითვალისწინებს.

პროექტი სახელწოდებით „მწარმოებლობის აღდგენის გეგმა“, რამდენმე წამგებიანი პროდუქტის წარმოების გაჩერებას და მსოფლიოს მასშტაბით, წარმოების შეკვეცას ითვალისწინებს. შედარებისთვის, კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი კარლოს გონი ცდილობდა, რომ „ნისანის“ წარმოების მოცულობა გაეზარდა. ბაზარზე ბრენდ „დატსანის“ დაბრუნება (2013 წელს) სწორედ მისი გეგმის ნაწილი იყო.

მაგრამ იოკოჰამაში ბაზირებული კომპანია კრიზისში აღმოჩნდა და მის დასაძლევად, რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. ასევე გაურკვეველია „რენოსთან“ ალინსის მომავალიც, რომელიც ფაქტობრივად უფუნქციო აღმოჩნდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წელს „ნისანს“ ბოლო 11 წელიწადში ყველაზე დაბალი მოგება ექნება.

როიტერსის წყაროს ინფორმაციით, ყველაზე მეტად, განვითარებად ქვეყნებში მცირე ავტომობილების წარმოება შეიკვეცება. მათ შორისაა „დატსანიც“, რომელიც ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, მხოლოდ სუბკომპაქტურ ავტომობილებს აწარმოებს, რომლებსაც კომპანიისთვის ნაკლები მოგება მოაქვს და რენტაბელობის ზღვარზეა.

შეკვეცა არ შეეხება მხოლოდ ჩინეთში მომუშავე საწარმოებს. ამასთან, არ იგეგმება ქარხნების სრულად დახურვა და რომელიმე ქვეყნის ბაზრის დატოვება. შეერთებული შტატების ბაზარზე, კომპანია უარს იტყვის ავტომობილების ბითუმად გაყიდვის (ავტომობილების გამქირავებელ კომპანიებზე) პრაქტიკაზე. ასეთი ბიზნესის მთავარ ამოცანას, გაყიდვების მოცულობის გაზრდა წარმოადგენს, რის სანაცვლოდაც, კომპანიას დიდი ფასდაკლებით გაყიდვები უწევდა. ეს კი მის მოგებას ამცირებდა. გარდა ამისა, ასეთი კომერცია კომპანიის იმიჯსაც აზარალებს.