"ეროვნული ბანკის მცდელობები პირველ რიგში მოქალაქეებს აზიანებს"

ეს გადაწყვეტილებები, რასაც ახლა ეროვნული ბანკი იღებს, არის 7-წლიანი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით დაგროვებული ყველა პრობლემაზე ერთბაშად რეაგირების მცდელობა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს მონეტარული პოლიტიკის ზრდასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განუცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ეს მცდელობები პირველ რიგში მოქალაქეებს აზიანებს.

"ეს ნიშნავს სესხების გაძვირებას. მათ შორის იმ სესხების, რომელიც უკვე მოქმედია და ადამიანებს აღებული აქვთ. ეს ნიშნავს ეკონომიკური ზრდის, რომელიც ისედაც დაბალია, კიდევ უფრო შეფერხებას, რაც გვაბრუნებს და კიდევ უფრო ღრმად გვითრევს იმ მორევში, რაშიც ვართ "ქართული ოცნების" გამო ამ 7 წლის განმავლობაში", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, სესხების ამ გაძვირებას მოყვება ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის სესხების გადახდის გართულება.

„შედეგად მოყვება კიდევ უფრო გაღრმავება იმ პრობლემის, რასაც ჰქვია უმუშევრობა, ლარის დასუსტება და საბოლოო ჯამში, ფასების ზრდა. ვითომ ფასების ზრდის შესაჩერებლად ხდება ეს, სამაგიეროდ აქედან რაიმე გამოსავალი, ამ მთავრობის პირობებში არ არის", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.