კომპანია Huawei-მ დღეს ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი კეცვადი სმარტფონი Huawei Mate X წარადგინა. მსურველებს სმარტფონის შეძენა ჩინეთში უკვე 15 ნოემბრიდან შეეძლებათ. მისი ღირებულება 2 400 დოლარი იქნება. ტელეფონს 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 512 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება აქვს. გაუმჯობესებული Huawei Mate Xs კი, რომელიც Kirin 990 5G -ის უახლეს პლატფორმაზე იმუშავებს, მხოლოდ მომავალ წელს გამოვა და ჯერჯერობით მისი ღირებულება ცნობილი არ არის.
კომპანიის წარმომადგენლებს მოცემული მომენტისთვის არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გავა სმარტფონი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე, მათ შორის ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ისიც არ არის ცნობილი, საერთოდ გასცდება თუ არა Huawei Mate X ჩინეთის საზღვრებს, განსაკუთრებით თუ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომსა და Huawei-სთან არსებული კონფლიქტის გავითვალისწინებთ.
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტის გამო Huawei-ის თავის სმარტფონებში Google-ის მომსახურების გამოყენება არ შეუძლია. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სმარტფონი, საბოლოო ჯამში, საერთაშორისო ვერსიას მიიღებს, ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება იყოს მისი ღირებულება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში, სმარტფონებისა და ელექტროტექნიკის ღირებულება სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია.
Galaxy Fold-ისგან განსხვავებით, Huawei Mate X ტექნოლოგიურად უფრო რთულ კონსტრუქციას იყენებს OLED-ის ერთი ეკრანით, რომლის დიაგონალის სიგრძე 20,32 სანტიმეტრია, გამოსახულება კი 2480х2200 პიქსელი. დაკეცილ მდგომარეობაში Huawei Mate X წარმოადგენს ორეკრანიან სმარტფონს, რომლის დიაგონალის სიგრძეა 16,7 და 16,20 სანტიმეტრი. სმარტფონის სისქე გაშლილ მდგომარეობაში 5,4 მმ-ია დაკეცილ მდგომარეობაში კი -11 მმ. მას Leica-ს სამმაგი კამერა აქვს.
ავტორი: სალომე აბულაშვილი