ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია მიზნობრივ მაჩვენებელს.
„ცენტრალური ბანკი თვლის რომ ლარის კურსის დევალვაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინფლაციაზე, თუმცა ეროვნულ ბანკს მსგავსი ნაბიჯების გადადგმა უფრო ადრე უნდა დაეწყო“, - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.