მოძრაობა „ლელო“ „პროგრესბანკის“ საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღება- გასაჯაროებას ითხოვს

სასწრაფოდ მოვითხოვთ „პროგრესბანკის“ საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ „პროგრესბანკი“ არის გაუქმებული და მისი დოკუმენტების შემოწმება შეუძლებელია, ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და პროკურატურასთან ერთად, „თიბისი ბანკის“ არათუ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის, არამედ მთელი 12 წლის საქმიანობის დეტალურ შემოწმებას ატარებს. ეროვნული ბანკის დამოკიდებულება და მისი განცხადებები ზიანს აყენებს ქართულ საბანკო სისტემას, სახელმწიფო სტრუქტურებს და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს საქმიან სივრცეში. ეს განცხადებები აშკარად ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი. სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრესბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ „პროგრესბანკი“ დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მისი შემოწმება. გვენეტაძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკის გარეშე არც ერთი ტრანზაქცია არ ხორციელდება. გვენეტაძის განმარტებით, თავად ბანკმა უნდა აკონტროლოს ტრანზაქციები და დანაშაულის აღმოჩენა და გამოძიება სებ-ის ფუნქცია არ არის.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სებ-მა მიმართა „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტს, თუმცა აუდიტის დასკვნა, სადაც „პროგრესბანკთან“ დაკავშირებით „ფულის გათეთრების“ ნიშნები ჩანს, „თიბისი ბანკს“ არ გააჩნია.