0% ზრდა და 3-მილიარდიანი ზარალი, ეს არის სახელმწიფო კომპანიების ბოლო 5 წლის მუშაობის შედეგი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" წევრმა გიგლა მიქაუტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ წამგებიანი სახელმწიფო საწარმოების დირექტორები თანამდებობიდან გადადგნენ და საკითხით აუდიტის სამსახური დაინტერესდეს.
მიქაუტაძის თქმით, ქართული სახელმწიფო გადასახადების გადამხდელთა ფულით ინახავს კომპანიებს, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფო ხაზინის შევსების ნაცვლად, ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ.
„წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონება არ იმართება სწორად, იფლანგება ბიუჯეტის ფული და რაც მთავარია, ამ არასწორ მართვაზე პასუხს არავინ აგებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ინფორმაციის დამალვის საკითხი, 236 საწარმოდან ფინანსთა სამინისტროს ფინანსური ანგარიშგებები წარუდგინა მხოლოდ 67-მა, ანუ 169 კომპანიაზე ფინანსური მონაცემები არ მოიპოვება.
ჯამურად, სახელმწიფო კოპანიების ზარალმა 2013-2018 წლებში 3 მლრდ ლარი შეადგინა; მხოლოდ 2018 წელს სახელმწიფო საწარმოებმა 800 მლნ ზარალი განიცადეს, ხოლო შემოსავლების ზრდამ შეადგინა 0 პროცენტი.
იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი შეივსოს, აღნიშნული საწარმოებიდან მიღებული მოგებით, ამ საწარმოებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ ლარი მიიღეს ფინანსური დახმარების სახით.
ამ კომპანიებში მთლიანი შემოსავლების ზრდის ნაცვლად, იზრდება დანახარჯები, რამაც 2018 წელს 5 პროცენტი შეადგინა;
უმნიშვნელოდ გაიზარდა ამ საწარმოების კაპიტალი 2012 წლის შემდეგ - 240 მლნ ლარით, მაშინ, როცა ვალდებულებები გაორმაგდა და 2018 წელს 7 615 000 000 ლარი შეადგინა, კაპიტალის უკუგებამ კი, -18%;
მაღალია მთლიანი ვალდებულებების მშპ-სთან შეფარდების მაჩვენებელი და 2018 წელს უმსხვილესი 67 სახელმწიფო კომპანიის შემთხვევაში მან 18.5% შეადგინა.
მაგალითისთვის, შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზა - დასაქმებულთა რაოდენობა 82, საშუალო ხელფასი 4000 ლარი. ჯამური ზარალი 700 მლნ, აქედან 2018 წლის ზარალი 100 მლნ კომპანიის დირექტორის წლიური ხელფასი 140.000 ლარს შეადგენს.
„საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ - 2018 წელი 4.5-მილიონიანი ზარალით დაასრულა. მისი დატვირთვის მაჩვენებელი 53%-მდე შემცირდა, შემოსავალი კი 9%-ით", - განაცხადა მიქაუტაძემ.