ეროვნულ ბანკს „პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით ყველა ინფორმაცია აქვს, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, ეროვნულ ბანკს "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ამბობს.
"ეროვნულ ბანკს "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით ყველა ინფორმაცია აქვს, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ამბობენ. გუშინ უკვე გავეცით ეროვნულ ბანკს პასუხი, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ", -განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ „პროგრეს ბანკი“ დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მისი შემოწმება. გვენეტაძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკის გარეშე არც ერთი ტრანზაქცია არ ხორციელდება. გვენეტაძის განმარტებით, თავად ბანკმა უნდა აკონტროლოს ტრანზაქციები და დანაშაულის აღმოჩენა და გამოძიება სებ-ის ფუნქცია არ არის.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სებ-მა მიმართა „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტს, თუმცა აუდიტის დასკვნა, სადაც „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით „ფულის გათეთრების“ ნიშნები ჩანს, „თიბისი ბანკს“ არ გააჩნია.
სებ-ის განცხადებას გუშინვე მოჰყვა საპასუხო განცხადება. საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" „პროგრეს ბანკის“ საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას მოითხოვს.