მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან მედია კონსალტინგი“ გაკოტრდა. გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 9 ოქტომბერს მიიღო. როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული „ჯორჯიან მედია კონსალტინგმა“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებასა და გაკოტრების საკითხზე საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს მიმართა.
„2019 წლის 22 აგვისტოს განჩინებით, შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგს“ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მას არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო“, - წერია სასამართლოს განჩინებაში.
განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, სასამართლომ „ჯორჯიან მედია კონსალტინგი“ გაკოტრებულად გამოაცხადა.
„ჯორჯიან მედია კონსალტინგი“ 2011 წლის სექტებერში დაფუძნდა. მისი დირექტორიც და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელიც არის ოთარ პატარქალაშვილი.
ოთარ პატარქალაშვილი 2013 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) კომისიონერის თანამდებობაზე იყო წარდგენილი. ის მიხეილ სააკაშვილმა პოსტის დატოვებამდე რამდენიმე დღით წარადგინა. თუმცა მოგვიანებით პატარქალაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. როგორც მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერდა, 2013 წლის ნოემბრამდე პატარქალაშვილი ყოფილი დეპუტატის დავით ბეჟუაშვილების ოჯახის საკუთრებაში მყოფი რამდენიმე კომპანიის დირექტორი და წარმომადგენელი იყო. იგი იყო „ვაიმაქს ჯორჯიას“ დირექტორი - ეს ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ადრე Chemexim International-ის საკუთრებაში იყო.
ამასთან, კვლევის მიხედვით, „პატარქალაშვილი ხელმძღვანელობდა შპს Georgian Business Week-ს, მის შვილობილ კომპანიას Business Week-ს და მუშაობდა „საქართველოს მედია კავშირის ჰოლდინგში“, კომპანიაში, რომელიც ბეჟუაშვილების ოჯახის მედია აქტივებს მართავდა და რომელმაც 2013 წელს შეწყვიტა არსებობა. მიმდინარე წლის ნოემბრიდან პატარქალაშვილი ზემოაღნიშნულ ყველა კომპანიაში ტელეკომპანია „მზის“ მესაკუთრემ ზვიად ამირიძემ ჩაანაცვლა“, - წერდა მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
დავით ბეჟუაშვილი 1998-1999 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება „საქგაზში“. 1999 წელს გახდა საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ სიით, ხოლო 2004 წელს - მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით. 2008 და 2012 წელში აირჩა თეთრი წყაროს ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად „ნაციონალური მოძრაობიდან“. 2013 წლის ნოემბერში დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა - „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და უფრაქციო დეპუტატებს შეუერთდა. ეს გადაწყვეტილება ბეჟუაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა.