მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად რეინვესტირების მოცულობა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით შემოსავლები ცხადია, შემცირდა, მაგრამ ეს თანხა ჩაიდო ეკონომიკაში, რაც ამ რეფორმის მთავარი მიზანი იყო. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2017 წლიდან მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოები გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილებისას იბეგრებიან.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ რეფორმა მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე განხორციელდა და ის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა ბოლო დროის ინიციატივებს შორის. თუმცა, რეფორმის წმინდა ეფექტის განსაზღვრა კვლავ გამოწვევაა, რადგან ინდივიდუალური ფირმების დონეზე ჩაშლილი მონაცემები არ არის სრულყოფილი.
„რეინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 2- ჯერ მეტი 657.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“,- განაცხადა კოვზანაძემ.
როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, მიუხედავად დადებითი ტენდეციებისა, მოკლევადიან პერიოდში, რეფორმის შედეგების წმინდა ეფექტის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ე.წ.ესტონური მოდელის ამოქმედებიდან გასულია მხოლოდ 2 წელი.
“შესაბამისად, მოგების გადასახადის რეფორმის რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება შუალედური დასკვნაა და სამომავლოდ გზამკვლევი იქნება რეფორმის შემდგომი ეფექტიანობის ანალიზისთვის",- აღნიშნა კოვზანაძემ.
ცნობისთვის, კომიტეტის ინიციატივით, ISET-ის, Pwc -ის მონაწილეობით და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება (ex-post RIA) მომზადდა, რომლის პრეზენტაცია დღეს “შერატონ მეტეხი პალასში” იმართება. პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესმენები და ეკონომისტები ესწრებიან.