დიდი ოდენობით კონტრაფაქციული პროდუქციის რეალიზების შემთხვევა გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით კონტრაფაქციული პროდუქციის რეალიზების შემთხვევა გამოავლინა.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ,  შპს "4XL" -ის დირექტორმა, სულთან შახბაზოვმა და ამავე საზოგადოების თანამშრომელმა, დურსუნ ხალილოვმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეიძინეს "ADIDAS"-ის მარკით უკანონოდ ნიშანდებული სპორტული ფეხსაცმელი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო კონტროლისგან დამალვის მიზნით, მარკა "ADIDAS"-ი დაფარეს მათი კუთვნილი შპს-ს ლოგოთი, ხოლო შემდეგ, დიდი ოდენობის კონტრაფაქციულ პროდუქციას მოქალაქეებზე, როგორც "ADIDAS"-ის სამარკო ნიშნის სპორტულ ფეხსაცმელს ასაღებდნენ.

საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის სულთან შახბაზოვი და დურსუნ ხალილოვი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ფაქტზე გამოძიება 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.