შეიძლება ლარის რესურსის ცოტაოდენმა გაძვირებამ გარკვეული ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ მერწმუნეთ, არსებობს სხვა ფაქტორები, რომლითაც შეიძლება ვეცდოთ და დავაბალანსოთ ეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შეფასებისას განაცხადა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, ეროვნულ ბანკს აქვს თავისი ძალიან მკაფიო მანდატი და ამ მანდატის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც უნდა მოახდინოს ინფლაციის პრევენცია.
„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ეროვნული ბანკი მუშაობს მთავრობასთან და ჩვენი ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებთან საკმაოდ მჭიდრო კოორდინაციაში, მაგრამ მას აქვს თავისი განსაზღვრული მანდატი და რეგულაციები. მისი ძირითადი ქმედებები არის ორიენტირებული მათ შორის ინფლაციის პრევენციაზე და სწორედ ამ ინფლაციის პრევენციის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, ზოგადად მაკროეკონომიკა ნიშნავს, სხვადასხვა ფაქტორების ბალანსს, რაღაცა რაღაცის ხარჯზე ხდება ხოლმე. ინფლაციის პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა პროფილაქტიკური ღონისძიება გატარდეს, იმისთვის რომ არ გაძვირდეს სამომხმარებლო პროდუქცია და დამეთანხმებით, რომ ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, შეიძლება ლარის რესურსის ცოტაოდენმა გაძვირებამ გარკვეული ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ მერწმუნეთ, არსებობს სხვა ფაქტორები, რომლითაც შეიძლება ვეცდოთ და დავაბალანსოთ ეს, მათ შორის იგივე სახელმწიფო ქონების, უმოქმედო აქტივების უფრო სწრაფი ჩართვა ეკონომიკურ ციკლში და ეკონომიკურ საქმიანობაში, მიწის რეგისტრაციები, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, თუნდაც დღევანდელი გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორ დავაჩქაროთ ჩვენ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მთელი კომპლექსი ღონისძიებების, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, იმისთვის რომ ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
კითხვაზე, რამდენად რეალურია დაგეგმილი 5%-იანი ზრდის მიღწევა ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური გუნდი მუშაობს იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები კვლავაც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდეს.
„იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ექნება კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი მთელს რეგიონში - უახლოეს 5 წელიწადში არის საშუალოდ 5%-იანი ზრდა. ამ პროგნოზის რევიზია არ ხდება, თუმცა რა თქმა უნდა, ვდგევართ გამოწვევის წინაშე - ერთი მხრივ, გვინდა და ეროვნული ბანკის მოვალეობაცაა, რომ ამ გზით ინფლაციის პრევენცია გააკეთოს, მეორე მხრივ, გვინდა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები კვლავაც მაღალი შენარჩუნდეს და მერწმუნეთ, ამაზე მთელი ეკონომიკური გუნდი ვმუშაობთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.