Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ ჩემპიონატზე 8 მონაწილე გუნდმა კონკურსის მთავარი ინგრედიენტის - ღორის ჩალაღაჯის გამოყენებით 5 საათსა და 35 წუთში უნდა მოამზადოს და ჟიურის წევრებს წარუდგინოს ხორცის კომპოზიცია ლანგარზე 3 გარნირთან და 2 სოუსთან ერთად.
ჟიურის წევრები კონკურსანტებს ქვემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების მიხედვით შეაფასებენ: კერძის მომზადების ტექნიკა, ვიზუალი, გემოვნური თვისებები, ინოვაციური მიდგომა, დროის მენეჯმენტი, სისუფთავე და ა.შ. „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო წელს პირველად მონაწილეობს Bocuse d'Or-ის ეროვნულ შესარჩევ კონკურსში, მონაწილეებს ორი კერძის ნაცვლად, მხოლოდ ერთის მომზადება ევალებათ. ჩემპიონატის მთავარი კომპონენტი ქართული, ენდემური ჯიშის ღორის ჩალაღაჯი იქნება. მოგეხსენებათ, ქართული უნიკალური ღორის ჯიში გადაშენების პირას გახლდათ და ახლახან დაიწყო კვლავ წარმოება. მნიშვნელოვანია აღნიშნული პროდუქტის წინა პლანზე წამოწევა, რათა ავთენტური კერძები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ქართულ სამზარეულოში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი კონკურსანტები კრეატიულობას გამოიჩენენ და საინტერესო კერძის მომზადებას შეძლებენ“ - აღნიშნა Bocuse d'Or Georgia-ს პრეზიდენტმა- ლევან კობიაშვილმა.
ხორცის პროდუქტი წარმოდგენილია Bocuse d’Or Georgia-ს პარტნიორი მომწოდებლის - Nativeracha-ს მიერ.
Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნული ჩემპიონატი 2 და 3 ნოემბერს "Expo Georgia"-ს მე–11 პავილიონში გაიმართება.