რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში, 2018-2019 წლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
ამასთან, ირაკლი ქარსელაძემ დეპუტატებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 9 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, დამტკიცებული გეგმა განსაზღვრული იყო 783 მილიონი ლარით. აქედან, დაზუსტებულმა გეგმამ 833.2 მილიონი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ 843.6 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავდაპირველი დამტკიცებული გეგმა 108%-ით შესრულდა.
„აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 9 თვის განმავლობაში მიმდინარე პროექტების საერთო რაოდენობა 260 ობიექტია, რომელთა ჯამური საკონტრაქტო ღირებულება დაახლოებით 4,8 მილიარდი ლარია. მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობა 44-ია და ჯამური საკონტრაქტო ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდ ლარს შეადგენს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 1 302 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 3.5-ჯერ აღემატება 2012 წლის ბიუჯეტს, ხოლო 8%-ით მეტია წინა წლის ბიუჯეტთან მიმართებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.