გალტ & თაგარტის პარტნიორობით თბილისში „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართა

გალტ & თაგარტის პარტნიორობით თბილისში „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი" გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრო.

ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ის მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში. ფორუმის ფარგლებში განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

„საქართველოს მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულოს ტრანსკონტინენტურ სავაჭრო დერეფანში. აბრეშუმის გზა, როგორც გლობალური ინიციატივა, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ვაჭრობის გაძლიერებას, მეტი ინვესტიციის მოზიდვას ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის. საქართველოს აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ შეასრულოს რეგიონული, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული, ფინანსური, ასევე, სამრეწველო ჰაბის ფუნქცია ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში. საქართველოს ჩართულობა ახალი აბრეშუმის გზის პროექტში ზრდის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და პროექტში მონაწილე სახელმწიფოებს, შორის, ხელს უწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

ინფორმაციისთვის, აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციისთვის თანამედროვე მსოფლიოსთან. ფორუმი უკვე საერთაშორისო ბრენდად იქცა. მისი მაღალ დონეზე ორგანიზება-ჩატარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო იმიჯის თვალსაზრისით. აბრეშუმის გზის ფორუმი ევრაზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ფორუმის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ხორციელდება.