მთავრობა იმ ჰიდროელექტროსადგურებისთვის, ვინც არ მოითხოვს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და არანაირ დამატებით ხელშეწყობას, სამშენებლო გარანტიების ოდენობას 100 000 დოლარიდან 10 000 დოლარამდე ამცირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ამ გადაწყვეტილებით კომპანიებს, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას აპირებენ, გამოუთავისუფლდებათ დაახლოებით 10% რესურსის, რომლითაც ისინი უფრო სწრაფად შეძლებენ მშენებლობის განხორციელებას.
„მთავრობის სხომაზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობი გადაწყვეტილება მცირე ჰესების მშენებლობის მიმართულებით. ის მცირე ჰიდროელექტროსადგურები და მათი განმავითარებელი ინვესტორები, ვინც არ მოითხოვს სახელმწიფოდან გარანტირებულ შესყიდვის ხელშეკრულებებს და გარანტირებულ ტარიფებს და ასეთები ბოლო დროს ძალიან ბევრია, ვინაიდან ჩვენ ვახორციელებთ ბაზრის რეფორმას და გავხსენით ბაზარი, ამ კატეგორიებისთვის მცირდება ჩვენს მიერ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიები, რომელიც აქამდე 1 მეგავატზე 100 000 დოლარს შეადგენდა. იმ ჰიდროელექტროსადგურებისთვის, ვინც არ მოითხოვს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და არანაირ დამატებით ხელშეწყობას, ეს ოდენობა ათჯერ მცირდება და იქნება 10 000 დოლარი 1 მეგავატზე. ამით ჩვენ ვაღწევთ იმას, რომ გამოთავისუფლდება დაახლოებით 10% მათი რესურსის საკუთარი კაპიტალის, რომელიც მოხმარდება უფრო სწრაფ მშენებლობას და მცირე სადგურების განვითარებას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ერთი მხრივ, ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაჩენა, რამაც სტიმული მისცა ისეთ ჰიდროელექტროსადგურებს, რომელიც არ მოითხოვს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და მეორე მხრივ, ჩვენი მხრიდან დამატებით ვუმცირებთ მოთხოვნილ გარანტიას და ვუტოვებთ მათ განკარგვაში მეტ რესურსს, რომელიც მოხმარდება ჰიდროელექტროსადგურების უფრო სწრაფ მშენებლობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.