ეროვნულ ბანკს მოუწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილების მიღება. აქამდე მდგომარეობა იმიტომ მივიდა, რომ ეროვნული ბანკი ამ დრომდე არასწორ პოლიტიკას ატარებდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით განუცხადა.
აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციის შეჩერების ყველაზე ოპტიმალური გზაა და ეროვნულ ბანკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, თუმცა, ამ ვითარების შექმნაში სწორედ სებ-ის პასუხისმგებლობას ხედავს. ექსპერტი ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს, რამაც მისი თქმით, ეს შედეგი მოიტანა.
„ეროვნულ ბანკს მოუწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილების მიღება, რაც ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება. აქამდე მივიდა ეს მდგომარეობა იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ამ პერიოდამდე არასწორ პოლიტიკას ატარებდა. ბევრი ექსპერტი და მათ შორის მეც, როცა ვამბობდით, რომ ინფლაციური პროცესები გარდაუვალი იქნებოდა ლარის ამ რაოდენობით გაუფასურების შემდეგ, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საპირისპიროს გვიმტკიცებდა და ამბობდა, რომ ლარის კურსსა და ინფლაციას შორის ასეთი პირდაპირი კავშირი არ არსებობს. საპასუხოდ მიიღო ინფლაციის ასეთი მაღალი დონე, რაც პირდაპირ წარმოადგენს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობას.
თავიდანვე რომ მონეტარული პოლიტიკა არ შეერბილებინა, არ აეკრძალა უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა 300 000 ლარამდე, არ აეწია სარეზერვო მოთხოვნები დოლარზე, რომლის უკან ჩამოწევაც მოუწია, ასეთ შედეგებამდე არ მივიდოდა,“- აცხადებს აკაკი ცომაია.
მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები გაძვირდება და ეს ეკონომიკურ ზრდაზეც უარყოფითად აისახება.
„1 პროცენტით გაძვირდება სესხები. ეს არ არის პატარა მაჩვენებელი. თუ პირობითად, ყოველ თვე იხდის ადამიანი 330 ლარს, გადაიხდის 350 ლარს, შესაბამისად, ისინი უფრო ნაკლებს დახარჯავენ ბაზარზე და შესაბამისად მცირდება ეკონომიკური ზრდის ტემპიც,“- აცხადებს აკაკი ცომაია.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ ინფლაციის ზრდაში მთავრობასაც ლომის წვლილი აქვს.
„რაც შეეხება მთავრობის პოლიტიკას, აქ გაცილებით ბევრი რამ არის საკრიტიკო, გაცილებით არაადეკვატურია მთავრობა. ახლა მნიშვნელოვანია რეგულაციების შერბილება და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ასევე, როგორ იხარჯება გადასახადის გადამხდელთა ფული, რამდენად ეფექტიანად, დროულად იხარჯება, - ამ შეკითხვებზე პასუხი გვაძლევს იმ შედეგს, რა შედეგიც დგას რეალურად ახლა. ეკონომიკური ზრდა რომ ნაკლებად შეფერხდეს, მთავრობამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გაატაროს, კერძოდ, შეამციროს გადასახადები, მოახდინოს ეკონომიკის დერეგულირება. ადამიანებს უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდებათ, რომ მეტი ფული დახარჯონ და ეს პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე,“- აცხადებს ექსპერეტი.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.