გურჯაანში ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანში ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება.

უწყების ცნობით, წელს პირველად, 26 ოქტომბერს 12:00 საათზე, გურჯაანში, ახტალის პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი რეგიონში კულინარიის, როგორც დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

„ფესტივალის ფარგლებში ქართველი და უცხოელი შეფმზარეულები თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს და ჩაატარებენ მასტერკლასებს. პარალელურად, 50-მდე სახეობის ქართული ყველის და ყველისგან ნაწარმოები პროდუქტების დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ფესტივალზე დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის, ასევე წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. დასკვნით ნაწილში კი Bocuse d’Or ფინალისტების კულინარიული შოუ გაიმართება.

ფესტივალი პროგრამის „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია“ ფარგლებში ტარდება”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.