მსოფლიო ბანკის რეიტინგით შეფასებულია ბიზნესგარემო და ქვეყნების სწრაფვა ეკონომიკური რეფორმებისადმი, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის 2020 წლის რეიტინგში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების შეფასებისას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ რეიტინგში საქართველო კვლავ მსოფლიოს წამყვან ათეულშია.
„წელს საქართველომ რეკორდულად მაღალი ქულა - 83.7 მიიღო რეიტინგში, რაც ისტორიული მაქსიმუმია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ჩვენი რეფორმების კიდევ ერთი აღიარების მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში“ ძალიან პოზიტიურად აღინიშნა რამდენიმე მიმართულება. მაგალითად: გადასახადების გადახდის მაჩვენებლით, საქართველომ მნიშვნელოვნად წინ წაიწია, ასევე გაუმჯობესდა პოზიცია მშენებლობის ნებართვების გაცემის მიმართულებით. აღნიშნული მიღწევები ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა, განვახორციელოთ შემდგომი რეფორმები და ქვეყანამ კიდევ უფრო მეტად წაიწიოს წინ რეიტინგში. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელთა ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.