”რეცეპტომანია” ჯანდაცვას 10-20 %-ით გააძვირებს

”თუ ასე გაგრძელდა, მალე არც შავი ბაზრის გააქტიურებაა გამორიცხული”.

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, მედიკამენტების რეცეპტით გამოწერის სისტემის ამოქმედება მოსახლეობის ჯანდაცვის ხარჯს გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმთან ვიზიტს და ზოგიერთ გამოკვლევას მთლიანად აფინანსებს, ზოგიერთი ნოზოლოგიის კვლევისას კი თანადაფინანსების სისტემა მოქმედებს, სპეციალისტების ანგარიშით, პაციენტის ჯანდაცვის ხარჯი, საშუალოდ, მაინც 10-20 %-ით გაიზრდება.

როგორც ცნობილია, პირველი სექტემბრიდან მედიკამენტების დიდი ნაწილის ყიდვა მხოლოდ რეცეპტით არის შესაძლებელი. სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ბოლო 2 თვის მთავარი მოვლენა გახდა. მოსახლეობა რეცეპტის შემოღებამ ისე შეაშინა, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე აფთიაქებში მედიკამენტების ყიდვის მსურველთა რიგი დადგა, მოგვიანებით კი, რიგმა პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში გადაინაცვლა.

მიუხედავდა იმისა, რომ რეცეპტის გამოწერა ოჯახის ექიმსაც შეუძლია და სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელი არ არის, პაციენტების თქმით, ექიმების ნაწილი გამოკვლევის გარეშე წამლის გამოწერისაგან თავს იკავებს.

როგორც ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ, მას პოლიკლინიკაში ორჯერ მოუწია მისვლა და რიგში დადგომა. იგი ამბობს, რომ ოჯახის ექიმმა, პირველ ეტაპზე ძველი ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტი ისევ გამოწერა, თუმცა ხელახალი გამოკვლევის ჩატარება მოითხოვა.

”ცუდი არ არის, რომ წამალზე რეცეპტის გამოწერა ხდება, მაგრამ ცუდია, როდესაც ახალი ექიმი ახალ გამოკვლევებს ითხოვს. მართალია, რამდენიმე სისხლის ანალიზი უფასოა, მაგრამ სხვა ანალიზი, მათ შორის სპეციალისტთან ხელახალი ვიზიტი, დამატებით თანხას მოითხოვს. ეს კი საბოლოოდ, ჯანდაცვის ხარჯს მიზრდის. ამჯერად ახალმა ექიმმა ძველი ექიმის მიერ გამოწერილი წამლები რეცეპტზე გამომიწერა, მაგრამ მხოლოდ 3 თვით. ამის შემდეგ სპეციალური გამოკვლევის ჩატარება კიდევ ერთხელ მომიწევს, რომ წამალი ვიყიდო. ცხადია, ეს ჩემს ხარჯს გაზრდის და ჩემს სოციალურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედებს”,- გვითხრა ეთერ ცაგარეიშვილმა.

ანალოგიური პრეტენზია ჰქონდათ თბილისში მოქმედ პირველადი ჯანდაცვის ობიექტებთან რიგში მდგომ პაციენტებსაც. მოსახლეობა ამბობს, რომ ახალ სისტემაზე გადასვლამ ხარჯი გაუზარდა.

ის, რომ რეცეპტის სისტემის შემოღება მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯის გაზრდას გამოიწვევდა, დარგის სპეციალისტები თავიდანვე მიუთითებდნენ. დღესაც, როდესაც სისტემა უკვე ამოქმედდა, ექსპერტები უკვე ამბობენ, რომ ”რეცეპტომანია” ჯანდაცვის ხარჯს, საშუალოდ, 10-20 %-ით გაზრდის.

”მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში წამლის შეძენა რეცეპტით ხდება, შესაბამისად, ამ სისტემის საქართველოში ამოქმედება გასაკვირი ნამდვილად არ არის. თუმცა, აქ პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობა სოციალურად გაჭირვებულია და წამლის რეცეპტით გაცემისას გაზრდილი ხარჯი მის ჯიბეზე ცუდად იმოქმედებს. აქედან გამომდინარე, შიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ობიექტური რეალობიდან გამოდინარე, ნაჩქარევი იყო. იმისთვის, რომ ექიმმა რეცეპტი გამოუწეროს პაციენტს, ეს უკანასკნელი პირველადი ჯანდაცვის ობიექტში ოჯახის ექიმთან უნდა მივიდეს, ჩადგეს რიგში - ეს იწვევს დროის და ტრანსპორტის ხარჯის ზრდას. ამას თუ გამოკვლევისა და ანალიზების ხელახალი ჩატარება დაემატება, რასაც ექიმები უკვე ითხოვენ, რა თქმა უნდა, პაციენტს ხარჯი კიდევ უფრო გაეზრდება. საერთო ჯამში, რეცეპტის გამოწერის სისტემა ჯანდაცვის მომსახურებას 10-20%-ით აუცილებლად გააძვირებს,”-აცხადებს ”ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტი სამედიცინო სადაზღვევო საკითხებში, კახა ჯაყელი.

რეცეპტი რომ ჯანდაცვის მომსახურებაზე გაწეულ ხარჯს გაზრდის, არასამთვარობო ორგანიზაცია ”ჯანმრთელი სამყაროს” ხელმძღვანელი, ზურაბ ფუტკარაძეც ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ბევრ ნოზოლოგიას აფინანსებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პაციენტს რეცეპტის გამოწერისას ფული არ დაეხარჯება.

”დღეს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა აღარ მოქმედებს, სადაზღვევო კომპანიები პროგრამიდან გამოვიდნენ და ყველა ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. შესაბამისად, ძალინ ბევრი ადამიანის ოჯახის ექიმი შეიცვალა. ძველი ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტს კი ახალი ექიმი არ გამოწერს. იმის გამო, რომ კონტროლის შეეშინდება, ის იძულებული გახდება, რომ პაციენტს ხელახალი გამოკველვა ჩაატარებინოს. ოჯახის ექიმთან ვიზიტი კი უფასოა, მაგრამ სპეციალისტთან ვიზიტი - ფასიანი, სისხლის ანალიზის აღებაში თანხის გადახდა არ სჭირდება ადამიანს, მაგრამ როდესაც გემოგლობინის ანალიზია ჩასატარებელი, იქ თანხის გადახდაა საჭირო. თუ ახალმა ექიმმა გამოიკვლევის ჩატარება ითხოვა, ცხადია, ეს პაციენტის ხარჯს მნიშვნელოვნად გაზრდის,”- განაცხადა ფუტკარაძემ.

როდესაც რეცეპტის სისტემა შემოდის, ის არა მხოლოდ აფთიაქების, არამედ ექიმის კონტროლსაც ნიშნავს.

”ექიმი კი, იმის გამო, რომ პრობლემები არ შეექმნას, დანიშნავს ხელახალ გამოკვლევას, ამით ის თავს დაიცავს, პაციენტის ხარჯი კი გაიზრდება. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ ისე უნდა გააკეთოს, რომ ახალ ექიმს პასუხისმგებლობა არ დააკისროს და მათ შეეძლოთ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ძველი ექიმის მიერ გამოწერილი წამლის ხელახალი გამოწერა. ესეც ერთგვარი შეღავათი იქნება, თუმცა, ვიმეორებ, საერთო ჯამში, რეცეპტის სისტემა მოსახლეობას ხარჯს აუცილებლად გაუზრდის,”- დასძენს ფუტკარაძე.

წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბარამიძის თქმით, იმისათვის, რომ რეცეპტის სისტემამ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი არ გაზარდოს, აუცილებელია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში პრევენციისა და პროფილაქტიკის დაფინანსება მოხდეს.

”თავად ის ფაქტი, რომ წამლების გამოწერა რეცეპტით უნდა მოხდეს, მისასალმებელია, მაგრამ კარგი იქნებოდა, ეს ეტაპობრივად მომხდარიყო და არა ერთდროულად. ჯანდაცვის სამინისტროს შეცდომა არის ის, რომ მათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასვეს სხვადასხვა ნოზოლოგიის მკურნალობა, გეგმიური ოპერაციები და არ იფიქრეს პროფილაქტიკასა და პრევენციაზე. არადა, ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი სისტემა მოქმედებს, პროგრამაში ჩართულია პროფილაქტიკა და პრევენცია, რაც მოსახლეობის ჯანდაცვის ხარჯს მინიმუმამდე ამცირებს. თუ ეს მიმართულებები არ დაფინანსდა, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობის ხარჯს და ამასთანავე, გაააქტიურებს შავ ბაზარს.

პაციენტი, რომელმაც იცის, რომ ექიმთან რიგში ჩადგომა და დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწევს, შეეცდება იპოვოს გამოსავალი და წამალი ”შავ ბაზარზე” შეიძინოს. ასეთი ფაქტები, დამერწმუნეთ, აუცილებლად იქნება”, - განუცხადა ”ბიზნეს-რეზონანსს” გიორგი ბარამიძემ.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”