"საფინანსო სისტემაში ქაოსია - ეროვნული ბანკი 2.3 მილიარდიანი დოზით უშვებს და უშვებს ფულს კომერციული ბანკების ვენებში"

საფინანსო სისტემაში არის ქაოსი. როგორც ადამიანს მეტადონის პროგრამაზე დასვამენ და რბილ ნარკოტიკებს შეაჩვევენ, ზუსტად ასე იყო რეფინანსირების სესხები რაღაც ფარგლებში. ახლა უკვე დიდ ნარკოტიკებზე გადავიდა ეროვნული ბანკი - 2.3 მილიარდიანი დოზით უშვებს და უშვებს ფულს კომერციული ბანკების ვენებში, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მედიას განუცხადა, რითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.

რომან გოცირიძის განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის აწევა იძულებითი ნაბიჯია და სხვა გამოსავალი ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად და ინფლაციის მოსათოკად არ არის.

“სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი ერთი ხელით საქმეს აკეთებს და მეორე ხელით თავად აფუჭებს. გუშინ რეფინანსირების განაკვეთი აწია, დღეს კომერციულ ბანკებს მისცა 2.3 მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხი. რა აზრი აქვს პროცენტის აწევას, თუკი კომერციულმა ბანკებმა იგივე რაოდენობის ფული გაიტანეს?

ასევე, მთავრობამ შიდა ვალი - 400 მილიონი აიღო, ამ წლის ბიუჯეტი გაზარდა, დაუმატა ხარჯები, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ ლარის გაუფასურების აღკვეთის მცდელობას მთავრობა უშლის ხელს.

შეუთანხმებელი მუშაობით ორ უწყებას შორის, დაგვიანებული და ეროვნული ბანკის ქმედებაში ურთერთდაპირისპირებული ნაბიჯებით ვერც ლარს გაამყარებენ და ვერც ფასების ზრდას შეაჩერებენ. საფინანსო სისტემაში არის ქაოსი. სამწუხაროდ, რეფინანსირების განაკვეთის აწევა შედეგია იმ ეკონომიკური პოლიტიკის, რომელსაც ეროვნული ბანკი აწარმოებს და ეს არის უკიდურესი ზომა. ეროვნულ ბანკს თადარიგი დიდი ხნით ადრე უნდა მიეღო და მიემართა სხვადასხვა ზომისთვის, როგორიცაა რეფინანსირების განაკვეეთის აწევა, რეფინანსირების სესხების მკვეთრად შემცირება. როგორც ადამიანს მეტადონის პროგრამაზე დასვამენ და რბილ ნარკოტიკებს შეაჩვევენ, ზუსტად ასე იყო რეფინანსირების სესხები რაღაც ფარგლებში. ახლა უკვე დიდ ნარკოტიკებზე გადავიდა ეროვნული ბანკი - 2.3 მილიარდიანი დოზით უშვებს და უშვებს ფულს კომერციული ბანკების ვენებში”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.