"თუ ვინმე ბიზნესზე ზეწოლას ახდენს, მერწმუნეთ, არ ეპატიება"

"თუ ვინმე ბიზნესზე ზეწოლას ახდენს, მერწმუნეთ, არ ეპატიება", - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დამოუკიდებელი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება", რომლის სათავეშიც ბიძინა ივანიშვილია, პოლიტიკურ რეჟიმად ჩამოყალიბდა და ხორციელდება ბიზნესზე ზეწოლა.

დედაქალაქის მერის თქმით, ამ განცხადების ავტორმა, უნდა დაასახელოს კონკრეტული პირები, ვინც ბიზნესზე ზეწოლას ახდენს.

„ზოგადი საუბარი მგონი უხერხულია. თუ არის რაიმე კონკრეტული ფაქტები ბიზნესზე ზეწოლის, რა თქმა უნდა, კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ. დაასახელონ ვინ არიან. თუ ვინმე ასეთ უკანონობას სჩადის, მერწმუნეთ, არ ეპატიება", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.