"გამოძიება უნდა დაიწყოს და საქმე აღიძრას, ეროვნულმა ბანკმა კეთილი უნდა ინებოს და „პროგრეს ბანკის“ შესახებ საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია გადასცეს"

გამოძიება უნდა დაიწყოს და აღიძრას საქმე. ეროვნულმა ბანკმა კეთილი უნდა ინებოს და გადასცეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მედიას განუცხადა, რითაც “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

რომან გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკის განცხადება, რომ “პროგრეს ბანკის” ლიკვიდაციის მასალები ეროვნულ ბანკში არ არის, სიცრუეა და აღნიშნულზე ავტორმა პასუხი უნდა აგოს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით სამჯერ გააკეთა პრესკონფერენცია. ამ საქმის განმავლობაში არაერთხელ დაგვიყენებია საკითხი პარლამენტში, მათ შორის საბანკო ზედამხედველობის კურატორ ვიცე-პრეზიდენტთან, როდესაც ვეუბნებოდი, რომ “პროგრეს ბანკში” რაღაც ცუდი ხდებოდა და სალიკვიდაციო კომისიამ უნდა წარმოადგინოს ის მასალები, რაც “პროგრეს ბანკის” ლიკვიდაციას ეხება. ყველაფერი ეროვნულ ბანკში ინახება. ეროვნული ბანკის განცხადება, რომ “ პროგრეს ბანკის” ლიკვიდაციის მასალები მასთან არ არის და არაფერი იცის, არის სიცრუე. ვინც ეს განაცხადა, ამ სიცრუისთვის პასუხი უნდა აგოს. ეროვნულ ბანკს სპეციალური სამსახური აქვს, რომელიც კომერციული ბანკის, ამ შემთხვევაში “პროგრეს ბანკის “ ლიკვიდაციას ეწევა, ყველა ტრანზაქცია და ყველა ხასიათის ინფორმაცია აქვს , რომელიც ეროვნულ ბანკში ინახება. გამოძიება უნდა დაიწყოს და აღიძრას საქმე. ეროვნულმა ბანკმა კეთილი უნდა ინებოს და გადასცეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს. ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, იყო თუ არა ფულის გათეთრების ფაქტები “პროგრეს ბანკის” მუშაობის პერიოდში”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ „პროგრეს ბანკი“ დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მისი შემოწმება. გვენეტაძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკის გარეშე არც ერთი ტრანზაქცია არ ხორციელდება. გვენეტაძის განმარტებით, თავად ბანკმა უნდა აკონტროლოს ტრანზაქციები და დანაშაულის აღმოჩენა და გამოძიება სებ-ის ფუნქცია არ არის.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სებ-მა მიმართა „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტს, თუმცა აუდიტის დასკვნა, სადაც „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით „ფულის გათეთრების“ ნიშნები ჩანს, „თიბისი ბანკს“ არ გააჩნია.

სებ-ის განცხადებას გუშინვე მოჰყვა საპასუხო განცხადება. საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" „პროგრეს ბანკის“ საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას მოითხოვს.