იპოდრომის კორტების ადგილზე, საცხოვრებელი კორპუსების პროექტი არ განხორციელდება, მას დაუბრუნდება ძველი სტატუსი და იქნება ისევ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი თავისი კორტებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს, თუ კერძო ინვესტორმა.
„დავამთავრეთ მონაცვლეობის საკითხი. ეს იყო ყაზახური ინვესტიცია, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" წაართვა საკუთარი ტერიტორია, საკუთარი მიწის ნაკვეთი ჩამოაჭრა ყოველგვარი ანაზღაურებისა და მოლაპარაკების გარეშე, იქ გაიყვანა გზა და ეს ადამიანები დატოვა ისე. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან და მივაღწიეთ იმას, რომ ვახერხებთ მონაცვლეობას. მინდა, საბურთალოელებს ვუთხრა, რომ კორტების ადგილზე შენობა- ნაგებობების, ანუ საცხოვრებელი კორპუსების პროექტი არ განხორციელდება, მას დაუბრუნდება ძველი სტატუსი და იქნება ისევ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი თავისი კორტებით. ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს, თუ კერძო ინვესტორმა", - განაცხადა კალაძემ.