რეფინანსირების სესხები, როგორც მონეტარული პოლიტიკა, საერთოდ გასაუქმებელია, ეროვნული ბანკია საერთოდ გასაუქმებელი, თუ ასე წავიდა საქმე. 3 იქნება, 4 თუ 8.5 (რეფინანსირების განაკვეთი), ამის გარჩევას საერთოდ აზრი არ აქვს, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილებას.
როგორც პაატა შეშელიძე ამბობს, რეფინანსირების სესხებით რეალურად ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს აფინანსებს.
„ეროვნული ბანკის მიერ სახაზინო ვალდებულებებით ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება არის ასაკრძალი, ისევე როგორც აკრძალულია პირდაპირი დაფინანსება. სანამ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ მუდმივად გვექნება საფრთხე, რომ ფულის მიწოდება გაიზრდება და ეს დაემუქრება გაცვლით კურსს, შესაბამისად, გამოიწვევს ინფლაციას.
რეალურად რა ხდება: ფინანსთა სამინისტრო იღებს ვალებს, ამ ვალებს ყიდულობენ კომერციული ბანკები, მერე ისინი მიდიან ეროვნულ ბანკში, უტოვებენ დეპოზიტში ამ ფინანსურ ვალდებულებებს, რომელიც არის ფინანსთა სამინისტროსი და ამის სანაცვლოდ თვითონ იღებენ ვალებს. ანუ ეროვნული ბანკი აფინანსებს ფინანსთა სამინისტროს. რეფინანსირების ვალები თითქოს არის ერთკვირიანი, სახაზინო ვალდებულებები კი სხვადასხვა ვადიანი: 1- წლიანი, 5- წლიანი, 10 - წლიანიც არსებობს, მაგრამ რაც დრო გადის, მეტი და მეტია, იმიტომ, რომ ფინანსთა სამინისტრო უფრო მეტ შიდა ვალს იღებს. ანუ ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და ბანკებსაც უფრო მეტის აღების საშუალება აქვთ, ამიტომ არ არის უცნაური, რომ ყოველ მომდევნო ჯერზე უფრო მეტ სესხს იღებენ ბანკები. წინა ვაჭრობაზე იყო 2 მილიარდზე მეტი, ეს იყო ყველაზე ბევრი, რაც აუღიათ. ყოველ კვირას შეუძლიათ უფრო მეტი აიღონ, შესაბამისად, ფულის მასა იზრდება. ეს აბსურდი უნდა შეჩერდეს, არ შეიძლება ეს იყოს მონეტარული ინსტრუმენტი - ჰაერიდან ფულის შექმნა, არ შეიძლება ფინანსთა სამინისტროს არაპირდაპირი დაფინანსება.
ამ პოლიტიკას შიდა ვალების გაზრდისკენ და სპეკულაციური მოგებისკენ მივყავართ, რომელსაც ბანკები იღებენ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ისინი გარიგებაში არიან სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკთან ერთად. რამდენიმე ბანკს, მსხვილ ჯგუფს საკმაოდ დიდშემოსავლიანი წყარო აქვთ“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ რესურსები გონივრულად არ გამოიყენება, შედეგად, ფულის მასა იზრდება და ეს გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. პაატა შეშელიძე ლარიზაციასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რეალურად ამის უკან გარკვეული ბიზნეს ინტერესები შეიძლება იდგეს.
„ვინც ამხელა ფულს ატრიალებს, ის ამას კარაქის და პურის საყიდლად არ გაძლევს, კარაქის და პურის ფასი ნელა იზრდება. რაც სწრაფად იზრდება, ეს არის გაცვლითი კურსი, იმიტომ რომ მოთხოვნა დოლარზეა.
რაც არ უნდა შეზღუდოთ დოლარში სესხების აღება, ვისაც დიდი თანხები უნდა აიღოს, მას სჭირდება დოლარში სესხი. რადგან უზღუდავ, ლარში იღებს, მაგრამ მერე გარბის და დოლარს ყიდულობს. ლარიზაცია არის სრული სიგიჟე, ეკონომიკურად არაადეკვატური გადაწყვეტილება. მაგათთვის, როგორც ჩანს, მთავარი იყო რეგულირებაზე ფულის შოვნა და კერძო ინიციატივების შეზღუდვა, რომ მონოპოლიები შექმნილიყო. ეს იყო სინამდვილეში. აქ ბიზნესინტერესები იკვეთება თავიდან ბოლომდე,“- აცხადებს პაატა შეშელიძე.