ორგანიზმში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო. ტყვიის განმეორებითი ანალიზის შედეგების მხრივ, პოზიტიური ტრენდია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
ამირან გამყრელიძემ ისაუბრა სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით გასულ წელს ჩატარებული კვლევის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, ოჯახები, სადაც კვლევისას ტყვიის შემცველობა მომატებული იყო, ხელახლა შემოწმდნენ და ამ მხრივ პოზიტიური შედეგია.
„შედეგების მხრივ, სხვათა შორის, პოზიტიური ტრენდია. ვნახეთ, რომ კლებისკენ მიდის. პირველად როცა შევიდნენ, მისცეს რჩევა-დარიგება, თუ როგორ მოიქცნენ ოჯახის წევრები, როგორ დაალაგონ სახლი. ამ ახსნა-განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო. ხშირად მისვამენ კითხვას, კატასტროფასთან გვაქვს საქმე თუ არა. არა, ბატონო. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ. ეს არ არის შემაშფოთებელი, საყურადღებო მონაცემებია, რაც ამ კვლევამ გვაჩვენა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა შარშან ჩატარებული კვლევის შემდეგ განხორციელებულ პროცესებზე. მისი თქმით, „სახელმწიფომ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სტრატეგია მაშინვე შეიმუშავა".
„16 ოჯახი, სადაც ყველაზე მაღალი იყო ტყვიის შემცველობა, იქნა შესწავლილი ყოველმხრივ. შევიდნენ ჩვენი ეპიდემიოლოგები, პედიატრები, გარემოს სპეციალისტები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები და შეისწავლეს ეს თექვსმეტივე ოჯახი. ამის გარდა, ივლისში ამერიკული ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ტყვიასთან დაკავშირებით, მოვიწვიეთ. მათ სპეციალური აპარატურით შეისწავლეს იგივე 16 ოჯახი, ასევე საკონტროლო ოჯახები. გამოიკვლიეს ტყვიის შემცველობა საღებავებში, ჰაერში, წყალში, საკვებში. ამას გარდა, სახელმწიფომ ივლისში დაიწყო დიდი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმდინარეობს. ამ 650 ბავშვს, სადაც მომატებული იყო, მათი ოჯახების შესწავლა ხდება სრულად. უკვე 35%-მდე შესწავლილია. სადაც ვნახულობთ, რომ დახმარება სჭირდებათ, იმათ ეძლევათ რკინის პრეპარატები, ვიტამინები, კალციუმი პრეპარატები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძეს კითხვა დაუსვეს ტყვიის წყაროებთან დაკავშირებით.
„ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებოა, რომ ჩვენი რამდენიმე კვლევით იკვეთება სუნელების მნიშვნელობა. ზოგიერთ შემთხვევაში სათამაშოები, ასევე, შესაძლებელია საღებავებიც", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ასევე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია იმართება.
წელს კვირეული 20-26 ოქტომბერს ჩატარდება სლოგანით - აკრძალე ტყვია საღებავებში!