მოთხოვნის შემცირება ნავთობს აიაფებს

ნავთობის ბაზარზე სულ უფრო მეტად საგრძნობი ხდება მიწოდების სიჭარბე, რაც ნედლეულის გაიაფებას იწვევს. გუშინ მკვეთრი გაძვირების შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში მარაგების მოულოდნელი კლებით იყო გამოწვეული, ნავთობის ფასმა დღეს ისევ შემცირება განაახლა.

ბრენტ მარკის ბარელი ნავთობი 0.3 პროცენტით, 61 დოლარამდე გაიაფდა, არადა გუშინ ზრდამ 2.5 პროცენტი შეადგინა, რითაც ფასი ოქტომბრის პიკს (61.17) მისწვდა. დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასმა 0.6 პროცენტით, 55.65 დოლარამდე დაიკლო. WTI-ს წინა დღის ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა.

„კეპიტალ ეკონომიკსის“ სასაქონლო ბაზრის მთავარი ეკონომისტი ქეროლაინ ბეინი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ნავთობის ფასი კვლავაც მოთხოვნის შემცირების ზეგავლენის ქვეშ დარჩება, რადგან მსოფლიო ეკონომიკა კლებას გააგრძელებს და ბაზარზე რისკიან აქტივებზე მოთხოვნა დაიკლებს.

ენერგიის საინფორმაციო ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, გასულ კვირაში ამერიკულ საცავებში ნავთობის მარაგი 1.7 მილიონი ბარელით შემცირდა. არადა, ანალიტიკოსები 2.2 მილიონი ბარელით ზრდას პროგნოზირებდნენ. ადმინისტრაციის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ნავთობის ამერიკულმა გადამამუშავებელმა კომპანიებმა წარმოება გაზარდეს, პარალელურად კი იმპორტი შემცირდა.

„ოანდას“ უფროსი საბაზრო ანალიტიკოსი ჯეფრი ჰეილი ვარაუდობს, რომ ნვთობის ფასის მკვეთრი ზრდის გამოწვევა მხოლოდ დროებით მოვლენას შეუძლია, თუმცა საერთო ტენდენციად კვლავაც კლება დარჩება. იმავდროულად, არსებობს მოლოდინი, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) ბაზარზე მიწოდებას კვლავ შეკვეცავს, რითაც კლებადი მოთხოვნის დაბალანსებას ეცდება. OPEC-ის და მისი არაწევრი ექსპორტიორი ქვეყნების მიმდინარე შეთანხმებით, ბაზარზე ნავთობის ყოველდღიური მიწოდება 1.2 მილიონი ბარელით არის შეკვეცილი. ეს შეთანხმება ძალაში 2020 წლის მარტამდე დარჩება.