აეროპორტის გადასახვევთან მდებარე ადამიანისა და მზის მონუმენტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
მისი თქმით, სამუშაოები ნოემბერის ბოლოს დასრულდება და აღნიშნულ პერიოდში მთლიანად ტერიტორია განახლებული, მოწესრიგებული იქნება.
მისივე ცნობით, ტერიტორიაზე ახალი ხე-მცენარეები, მწვანე სივრცეები, დეკორატიული აუზი, ახალი განათების სისტემა მოეწყობა.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ნოემბერში დასრულდება არა მხოლოდ მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიის, არამედ კახეთის გზატკეცილზე, ჯორჯ ბუშის ქუჩასა და ევროპის ქუჩაზე (რომელიც აეროპორტის მიმართულებით მიდის) მიმდინარე სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მონუმენტის - „ადამიანი და მზე" რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 773 806 ლარია.