„ეკონომიკის მინისტრი თავის უმოქმედობას მცირე და საშუალო ბიზნესს აბრალებს - საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩადებული 20 მლნ-დან გარანტიის სახით არცერთი თეთრი არ გაცემულა“

„ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის გასული 10 თვის განმავლობაში საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩადებული 20 მლნ ლარიდან არცერთ პროექტზე თეთრიც არ აქვს ათვისებული და გაცემული გარანტიის სახით,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ინფორმაციას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ავრცელებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დეპუტატის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას რამდენიმე დღის წინ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე - რომელ პროექტებში აითვისეს 2019 წლის ბიუჯეტიდან ის 20 მლნ ლარი, რომელიც ჩემი და პარლამენტარი კოლეგების, ჯერ კიდევ წინა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით და ჩართულობით შექმნილი საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩაიდო სპეციალურად ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის და განვითარებისათვის.

მინისტრისგან მივიღე პასუხი, რომ 2019 წლის გასული 10 თვის განმავლობაში 20 მლნ ლარიდან არცერთ პროექტზე თეთრიც არ აქვს ათვისებული და გაცემული გარანტიის სახით!

მინისტრის არგუმენტი ასეთია - მცირე და საშუალო ბიზნესმა საკრედიტო-საგარანტიო ფონდს დახმარებისთვის არ მიმართეს: „ამ ეტაპზე, აღნიშნული სქემის ფარგლებში, არ არის გაცემული საკრედიტო გარანტია. ასევე, არ არსებობს წინასწარი ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების თაობაზე, რადგან ორივე ზემოაღნიშნულს კერძო სექტორის მიმართვიანობა განაპირობებს და ტექნიკური პროგრამული უზრუნველყოფაა დასასრულებელი“.

ფაქტობრივად, მინისტრი თავის მართლების მიზნით თავის უმოქმედობას იქეთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აბრალებს და ამბობს, რომ მისთვის არ მიუმართავთ და გარანტიები ამიტომ არ არის გაცემული.

მივმართავ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს: გაუადვილეთ მინისტრს მუშაობა და მოითხოვეთ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში აკუმულირებული 20 მლნ ლარი თქვენივე ბიზნესის სასარგებლოდ.

პირადად მე, როგორც პარლამენტარი მზად ვარ ჩავერთო ამ მიმართვიანობის შესრულების კონტროლში და შეგიძლიათ პარალელურად იგივე მიმართვა ჩემთანაც გამოაგზავნოთ და ჩვენ მოვითხოვთ პასუხს მინისტრისაგან შემდგომ არ შესრულებაზე,“-წერს კობერიძე.