პარტია „ლელო“ 12 დეკემბერს დაფუძნდება

„ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებთ, პოლიტიკური პარტია „ლელო“ 12 დეკემბერს დაფუძნდება და მისი ოფისი „თბილისი ცენტრალში“ იქნება.

როგორც ხაზარაძემ დღეს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ 12 წევრის წარდგენისას განაცხადა, პარტიაში გაწევრიანება ღია იქნება.

„პარტია „ლელო“ დაფუძნდება დეკემბრის 12-ში. ეს იქნება დამფუძნებელი ყრილობა და ვაცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი შემოგვიერთდა, პარტიაში გაწევრიანება არის ღია. მე პირადად ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეხვდება პარტიის მომავალ წევრებს ხელის ჩამორთმევით, თვალებში ჩახედვით, იმისათვის, რომ ჩვენ ერთად გამოვიდეთ დამარცხებული მდგომარეობიდან და გადავიყვანთ ქვეყანას გამარჯვებისკენ.

ჩვენი პარტიის ოფისი წლის ბოლოს „თბილისი ცენტრალში“ გაიხსნება, სადაც ყველა გზა მოდის, ყველა მატარებელი აქ შამოდის, მგზავრები რეგიონიდან, მგზავრები საავტომობილო ტრანსპორტით, სწორედ აქ იკრიბება ყველა მოქალაქის პრობლემა და ჩვენ თითოეულ მათგანთან გვექნება დიალოგი. ეს პარტია იქნება არა ვიღაცის, არამედ თქვენი პარტია. ეროვნული თანხმობის გაერთიანებით ერთობლივად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან,“ -აღნიშნა ხაზარაძემ.