საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 279.69 მლნ ლარით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი ოქტომბრისთვის 25.62 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 279.69 მლნ ლარით, ანუ 1.10%ით მეტია პირველი სექტემბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.98 %-ით მეტი).

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 5.60 მლნ ლარით, ანუ 0.05%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.13 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 274.09 მლნ ლარით, ანუ 1.86%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.78 პროცენტით) გაიზარდა.

არსებული მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 36.29% შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.13%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.09 პროცენტული პუნქტით).

რაც შეეხება, ვადიან დეპოზიტებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, ამ მაჩვენებელმა 5.07% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.64%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.68%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.89%, ხოლო ევროს წილმა 13.52% შეადგინა.

თაია არდოტელი