ირაკლი ღარიბაშვილი: მასწავლებლის ხელფასი 2016 და 2017 წლებშიც მზარდი იქნება

2015 წელს მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება დაიწყება.

ამის შესახებ პედაგოგებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილმა პედაგოგებს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო და აღნიშნა, რომ 21 სპეციალობაზე უმაღლესი განათლების სწავლა უფასო გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, განათლების ცენტრმა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში 77 სტუდენტის სწავლება უკვე დააფინანსა. მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ასევე პროფესიული განათლების მხარდაჭერა, რომელიც სახელმწიფომ ასევე სრულად დააფინანსა და ამ სფეროს მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

ღარიბაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მათი მიზანია მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიად აქციონ, როგორც ეს მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებშია. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი მხარდაჭერით, კომპლექსური მიდგომით, თანმიმდევრული ნაბიჯებით მასწავლებლობა ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი პროფესია გახდება.

"მასწავლებლის მოტივაციის გაზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ ამ ინიციატივის ფინანსური ხელშეწყობისთვის. 2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება დაიწყება. ნოემბრის თვისთვის გვეცოდინება დამატებითი ინვესტიციების ზუსტი მოცულობა. მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2016 და 2017 წლებშიც", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.