სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო საქართველოს მასშტაბით, 59 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, საიდანაც 28 დედაქალაქში, 31 კი რეგიონებში მდებარეობს.
ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები 200 ლარით, ხოლო შედარებით დიდი ბრუნვის მქონდე ბიზნესოპერატორები 400 ლარით დაჯარიმდნენ. რეგლამენტის მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1200 ლარია.
ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებულთა შორის არიან - შპს „ლიდერ- ფუდი“, შპს „ჯი და ჯი ქოოფერეიშენ“, შპს „უნივერსამი“, შპს „ნიქეთი-niketi“, შპს "ნაჭარმაგევი", შპს „ი.ა.რ.“, შპს „სოლე ტრეიდინგი“, შპს "ლუდის ქარხანა ჩემო კარგო", შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“, „ი/მ აიგუნ აბდულაევა“, შპს „თაშრე“, შპს "ფიშლაინი" და სხვა.
შეგახსენებთ, რომ მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ეტიკეტზე დასატანი ინფორმაციის ჩამონათვალი. ხოლო, ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, ეტიკეტზე მათი განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ინგრედიენტი შრიფტით, ფონით, სტილით და ფერით უნდა იყოს გამოყოფილი. რეგლამენტის მიხედვით კონტროლდება სურსათის ვარგისიანობის ვადებიც.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ 59 კომპანიის ჩამონათვალს, რომელებიც სეს-მა ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დააჯარიმა.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი