სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულების მხარდაჭერით თბილისში, დღეს, 20:00 საათზე, სასტუმრო Fortune Group of Hotels იხსნება.
„აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, Fortune Group of Hotels არის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 2001 წელს დაფუძნებული 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი, რომელიც აერთიანებს 10 სასტუმროს და მათ რიცხვს მიემატება საქართველოში განხორციელებული პროექტი.
მათივე ცნობით, თბილისში არსებული 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო მოიცავს 120 სტანდარტულ მაღალი კატეგორიის ნომრებს, საცურაო აუზს, სავარჯიშო სივრცეს და ახლად დამატებულ ინდურ-ქართულ რესტორანს “ჯიმი-ჯიმი” ტერასით და საუკეთესო ინდური სამზარეულოთი.
კომპანია Fortune Group of Hotels მიზნად ისახავს აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ტურიზმის განვითარებაში და დიდი წვლილი შეიტანოს ვიზიტორების მოზიდვაში. გახსნის ცერემონიალს დაესწრება საპატიო სტუმარი ინდური კინოს უდიდესი შოუმენის რაჯ კაპურის შვილი კინო პროდიუსერი და კინორეჟისორი რაჯივ კაპური. ცერემონიალს ესწრებიან სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი.
Fortune Group of Hotels სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულების აქტიური მხარდაჭერით რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს, შეისწავლა ქვეყნის საინვესტიციო გარემო, მოინახულა პოტენციური საინვესტიციო ადგილები და 2018 წელს გადაწყვიტა ინვესტიციის განხორციელება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 9.5 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 80 ადამიანს.