ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ჰაბი, პლატფორმა ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგებისთვის, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა, - ასე შეაფასეს „აბრეშუმის გზის ფორუმისა“ და მასში საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობა ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოსულმა უმაღლესი რანგის პირებმა და ექსპერტებმა მსოფლიოს მასშტაბით.
ფორუმი თბილისში 22-23 ოქტომბერს ჩატარდა და წარმოადგენდა მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე, პლატფორმას სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.
„აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიზნად ისახავს შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში. ფორუმის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა პანელი, რომელზეც ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ იმსჯელეს.
საქართველოში ჩამოსულმა ექსპერტებმა, საერთაშორსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობასა და ჩვენი ქვეყნისთვის მის პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრეს:
ნურიელ რუბინი - ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროფესორი:
„ჩემი მოსაზრებით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზი გამო. პირველ რიგში, ის რეგიონებსა და ქვეყნებს შორის დიალოგს ახალისებს, თუ ამ რეგიონში რა სახის ინვესტიციები უნდა განხორციელდეს, განსაკუთრებით, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
თქვენი ეკონომიკა ღიაა, თავისუფალ ვაჭრობასთან, კერძო ბიზნესის ღიაობასთან, დაბალ გადასახადებთან დაკავშირებით არაერთი რეფორმა განახორციელეთ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვისაც ღია ხართ; საერთო ჯამში, ბიზესგარემო საკმაოდ მდგრადია, რაც ეკონომიკური წარმატებისთვის საბაზისო მდგომარეობას წარმოადგენს.
ფორუმის ფარგლებში აქაურობას სტუმრობს ბევრი ადამიანი, ნახულობს ამ შესანიშნავ ქვეყანას, საოცარ ქალაქს, რომელიც სავსეა ისტორიითა და კულტურით, ხელოვნებით, ღვინით, ტრადიციული კერძებით, მუსიკალური ტრადიციით. ამასთან, საქართველოს ერთ-ერთი უპირატესობა არის მისი ბუნებრივი და კულტურული რესურსები. შესაბამისად, ტურიზმი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მრავალფეროვანი სფერო, რომელსაც განვითარების შესაძლებლობა აქვს. ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი ჩამოვიდეს და საქართველო გაიცნოს“.
ჯო ლინამი - BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი:
„ჩემი ცხოვრების მანძილზე, მთელი ევროპის მასშტაბით ბევრ კონფერენციაზე ვარ ნამყოფი და ვფიქრობ, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყველაზე კარგად არის ორგანიზებული მათ შორის, რასაც დავსწრებივარ. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმით, თუ რამდენი დეტალია გათვალისწინებული, როგორ არის კონფერენციის სტრუქტურა აწყობილი და რამდენი მაღალი დონის სტუმარი ესწრება ფორუმს.
მინდა, საქართველო ჩემს სამშობლოს ირლანდიას შევადარო. როცა დავიბადე, ირლანდია დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო. შემდეგ ის ევროკავშირს შეუერთდა და პარტნიორებთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება დაიწყო, შექმნა ინფრასტრუქტურა და დღეს, ირლანდია დასავლეთ ევროპაში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა. მას იგივე რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს, რაც საქართველოს, ასევე, ჰყავს ისეთივე „დიდი და გაბრაზებული მეზობელი“, როგორც თქვენს ქვეყანას. თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი; თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება“.
ჯულიეტ ფოსტერი - Sky News-ისა და BBC-ის ყოფილი წამყვანი ბიზნესის მიმართულებით. Magnus Communications-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი:
„სატრანსპორტო სფეროს ექსპერტი არ ვარ, თუმცა ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა საქართველოს, თურქეთისა და სხვა ქვეყნების მხრიდან ამ მიმართულებით გამოთქმული ინიციატივები. ზოგიერთი ხელისუფლება ამაში ძალიან პოლიტიკურ სარჩულს ხედავს, თუმცა, ეს არის გლობალიზაცია, ეს არის რეალობისთვის თვალის გასწორება. რეალობა კი არის ის, რომ ქვეყნები ერთად უნდა დადგნენ, კავშირების დამყარება კი ამის გასაღებია. თუ აღნიშნულს სწორად გააკეთებ, ამით ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს, რადგან შეგიძლია, ბევრი მათგანი სიღარიბიდან ამოიყვანო“.
რობ მაკარგოუ - ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პიონერი, ხელოვნური ინტელექტის დირექტორი, PwC:
„მოხარული ვარ თბილისში ყოფნით. აქ ყოფნა უზარმაზარი შესაძლბელობაა, მთელი რეგიონისა და მსოფლიოს წარმომადგენლობა ერთად შეკრიბოს. ჩემს კონკრეტულ პანელზე საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის როლზე ფოკუსირებულები ვიყავით. პრეზენტაციები წარმოადგინეს ხელისუფლებისა და აკადემიების წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და ევროკავშირმა. ამ რეგიონში ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან დაკავშირებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა უზარმაზარი ურთიერთობების დამყარება“.
ლაზლო გიორგი - უნგრეთის ინოვაციისა და ტექნოლოგიის სამინისტროს ეკონომიკური სტრატეგიისა და რეგულაციების სახელმწიფო მდივანი:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ახალი აბრეშუმის გზის ცენტრშია. თქვენ ხართ გზაჯვარედინზე, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს აკავშირებს ერთმანეთთან. ასეთი ფორუმის ჩასატარებლად ეს შესანიშნავი ადგილია და გვეხმარება, ერთმანეთთან უფრო მარტივად დავამყაროთ კომუნიკაცია.
მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ჩვენ უნდა გავაფართოვოთ რევოლუციური ტექნოლოგიები. დავესწარი პანელურ დისკუსიას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდებოდა. ამ პანელზე ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები, როგორ ვავითარებდით ხელოვნურ ინტელექტს, როგორ ვხდიდით მას ყველასთვის ხელმისაწვდომს და როგორ უნდა გავხადოთ ხელოვნური ინტელექტი არა ჩვენი მტერი, არამედ მეგობარი“.
მარკო მარნი - მთავარი პარტნიორი, Solution Professional Data & AI, Microsoft CEE Multi Country:
„ფორუმი საქართველოს რეგიონულ ჰაბად ფორმირებას უწყობს ხელს, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთს ერთმანეთთან აკავშირებს. კარგია, რომ ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე არამხოლოდ ბიზნესის, არამედ მისი სხვა სფეროებში იმპლემენტაციის კუთხითაც.
საქართველოს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს. აქ პირველად ჩამოვედი, თუმცა როგორც „მაიკროსოფტის“ პარტიორს, მაქვს ინფორმაცია, სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის კუთხით რა ვითარებაა. „მაიკროსოფტის“ თანამშრომლებისგან, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, მსმენია, რომ ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი და ამაში უნდა დავეთანხმო. მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი თქვენს სტარტაპ-შეხვედრას „ტექნოპარკში“. არაჩვეულებრივი იყო იმის ნახვა, კომპანიები თანამედროვე ტექნოლოგიებს როგორ იყენებენ“.
ირაკლი ბერიძე - გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი
„ფორუმზე განიხილება საინტერესო თემები, რომელიც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ეკონომიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მისი კარგი თვისებებისა და საუკეთესო შედეგების გადმოღება ჩვენი განვითარებისთვის, იქნება ეს ეკონომიკური თუ სოციალური განვითარება. მონაწილეობა მივიღე ხელოვნური ინტელექტის პანელში, რომელზეც განვიხილეთ ფართო საკითხები, დაწყებული იმით, თუ ქვეყნებმა როგორ უნდა შექმნან თავიანთი ეროვნული სტრატეგიები და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს პროცესი.
გავიგეთ, რომ საქართველო ძალიან ჩართულია ამ პროცესებში და ეროვნულ სტრატეგიასაც შექმნის. უკვე არსებობს „საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია“, ასევე, ძალიან საინტერესო სტარტაპები და სახელმწიფო-სამთავრობო ინიციატივები, რომლებიც საკმაოდ კარგ შედეგებს წარმოაჩენენ ამ ქვეყნისთვის და საერთოდ, მსოფლიო პროცესებში“.
თალე ზიადოვი - ბაქოს პორტის გენერალური დირექტორი:
„აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეორედ ვესწრები, პირველად აქ 2017 წელს ვიყავი. ეს ფორუმი ჩვენი რეგიონის ერთგვარი ტრადიცია გახდა და მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანის საკმაოდ დიდ დელეგაციასთან ერთად ვმონაწილეობ მასში.
ფორუმი წინ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წამოწევს - ახალი აბრეშუმის გზის შექმნის პროცესში ჩვენს რეგიონს რა ადგილი უჭირავს. ტრადიციულად, ისტორიულად, საქართველოც და აზერბაიჯანიც აბრეშუმის გზის ნაწილს წარმოადგენდნენ. დღეს აქლემთა ქარავნები აღარ არსებობს, ისინი მატარებლებმა, კონტეინებმა ჩაანაცვლეს. საკითხი დგას ასე - როგორ დააკავშირებ ორ კონტინენტს ერთმანეთთან და როგორც ქვეყანა, რა სარგებელს მიიღებ ამით. სწორედ ამიტომ დებს ჩვენი ორივე ქვეყანა დიდ ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში (ბაქო-ყარსი-ახალქალაქის ინფრასტრუქტურაში, ბათუმისა და ფოთის პორტში, ასევე გეგმაშია ანაკლიის პორტი).
ახალ აბრეშუმის გზას ჩვენს ქვეყნებზე ძალიან დადებითი ზეგავლენა ექნება“.
ივან სკალფაროტო - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე:
„ფორუმი ბევრი ქვეყნისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, იპოვნონ დაახლოებისა და ეკონომიკის გაძლიერების გზები. ვაჭრობა მშვიდობასთან არის დაკავშირებული. როცა რომელიმე ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობები გაქვს, ეცნობი მის ხალხს, უახლოვდები მას. ეს არამხოლოდ ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობა, არამედ, პლანეტაზე მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობაცაა“.
„აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველომ უკვე მესამედ უმასპინძლა. წელს, ფორუმზე დასასწრებად 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი იყო ჩამოსული.