თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი 700-მდე დევნილი ოჯახი გახდა. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და პარლამენტის დეპუტატებმა აკაკი ზოიძემ, დიმიტრი ხუნდაძემ, ირაკლი ბერაიამ და რატი იონათამიშვილმა გადასცეს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით ბიუჯეტში გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება.
„სახელმწიფო ყოველწლიურად ზრდის დევნილი ოჯახების ბინით დაკმაყოფილებისთვის ბიუჯეტში გამოყოფილ თანხებს. ამ ეტაპზე თბილისში ბინა 700-მდე ოჯახს გადაეცა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას და თბილისში, დევნილი ოჯახები ბინებს წლის ბოლოსაც მიიღებენ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
უწყების ინფორმაციით, ბინების გადაცემის შედეგად, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი დაიხურა.
სამინისტროს ცნობითვე, თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. დამატებით, 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები წლის ბოლოს გადაეცემა.
2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.