სასამართლომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურის მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო

სასამართლომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურის მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დასკვნა, რომელიც პროკურატურის მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტების მიერ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მომზადდა დაუშვებლად ცნო. ამასთან, სასამართლოზე არ დაიკითხება ის ორი ექსპერტიც, რომლებმაც ეს დასკვნა მოამზადეს.

რაც შეეხება ბრალდების მხარის შუამდგომლობას, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობას ეხებოდა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაცვის მხარის მტკიცებულრბები, მათ შორის უცხოეთში ჩატარებული იმ პირების გამოკითხვის ოქმები, რომლებისგანაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანხა ისესხეს, საქმეს მტკიცებულებად დაერთო.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 16 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები სათანადო მტკიცებულებებს ეფუძნება. როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა და მიიჩნია, რომ „მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა”.