კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიღებულა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯი იყო, - ამის შესახებ " ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რა საკითხები განიხილა შეხვედრაზე კონსორციუმმა მთავრობასთან და ამერიკული " კონტი ჯგუფის" პროექტში დარჩენა რას ცვლის „მერიდიანთან“ დაკავშირებით, ახვლედიანი აცხადებს, რომ "მერიდიანი" კვლავ ერთ-ერთ მთავარ ინვესტორად განიხილება.
„გუშინ გვქონდა სამუშაო შეხვედრა მთავრობასთან, კერძოდ, მაია ცქიტიშვილთან, განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი, რომელიც გადასაჭრელია. კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიღებულა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯი იყო. გავაგრძელებთ საუბარს სხვადასხვა მიმართულებით როგორც მთავრობასთან, ისე პოტენციურ ინვესტორებთან. რაც შეეხება "მერიდიანს", ის რჩება როგორც ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი. მთავრობას აქვს კონკრეტული ვადა, რომ დაგვიდასტუროს მათი პროექტში მონაწილეობა. „კონტის" დარჩენა არ გამორიცხავს ამერიკული ფონდის ან "მერიდიანის" მონაწილეობას პროექტში", -აღნიშნა ახვლედიანმა.