მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის ადვოკატები სასამართლოსგან მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვენ

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე სასამართლოსგან მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.

შესაბამისი შუამდგომლობა მან დღევანდელ პროცესზე დააყენა.

შუამდგომლობით ადვოკატი მოითხოვს, რომ გაუქმდეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოყენებული 700 ათას ლარიანი გირაო და ასევე დამატებითი ღონისძიებები, კერძოდ საზღვრის კვეთის შეზღუდვა პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მამუკა ხაზარაძემ ერთხელ უკვე დატოვა აღკვეთის ღონისძიების პირობებში ქვეყანა პროკურატურასთან შეთანხმებით და უკან ყოველგვარი ინციდენტების გარეშე დაბრუნდა. გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა განმარტა, არ არსებობს საფრთხეები, რომელიც გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. კერძოდ, კორძაძე აცხადებს, რომ არ არსებობს არც მიმალვის, არც საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების ხელშეშლის საფრთხე, ვინაიდან ყველა მტკიცებულება უკვე წარდგენილია სასამართლოში და არც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეა, ვინაიდან ხაზარაძე და ჯაფარიძე აღარ არიან „თიბისი ბანკში“ და შესაბამისად, მათ არავითარი შეხება არ აქვთ აღნიშნული საქმის მოწმეებთან.

შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის ადვოკატიც და ითხოვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე იყოს დატოვებული.