არ მგონია "კონტი ჯგუფის" პროექტში დარჩენამ ვადებზე იმოქმედოს. მთავრობის პოზიცია ჯერჯერობით უცვლელია ვადებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განუცხადა. კითხვაზე, ანაკლიის პროექტში ამერიკული "კონტი ჯგუფის" დარჩენა იმოქმედებს თუ არა აქამდე დასახელებულ ვადებზე, ახვლედიანი აცხადებს, რომ ვადებთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია უცვლელია.
„არ მგონია, ამან ვადებზე იმოქმედოს. მთავრობის პოზიცია ჯერჯერობით უცვლელია ვადებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის სულ სხვა. ვიძახით, რომ კონკრეტული საკითხებია გადასაჭრელი, რომელსაც მთავრობის ჩართულობა სჭირდება და ამის გარეშე ვადებზე საუბარი, ულტიმატუმებით და მკაცრი ენით, ჩვენი გადმოსახედიდან პროექტისთვის დამაზიანებელია ყველა მიმართებით, ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა მთავრობასთან ერთად წინ წავწიოთ და წარმატებით დავასრულოთ პროექტი", -აღნიშნა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" 42%-იანი წილის მფლობელმა ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" ანაკლიის პორტის პროექტიდან გასვლა გადაიფიქრა.
კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა წლის ბოლოს ეწურება.