საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტიების დაფინანსების ახალ მოდელთან და სარეკლამო დროის განაწილებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, ეუთოს რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა პოზიტიურად მიმდინარეობს.
„პრაქტიკულად, მივაღწიეთ შეთანხმებებს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტიების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს პროპორციულ რეგრესულ მოდელს. სადაც ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს იმდენ დაფინანსებას, რამდენ ხმასაც მოიპოვებს არჩევნებში. ასევე, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შედარებით მცირე მხარდაჭერას მიიღებენ, ამ მექანიზმით ისინი უფრო მეტ დაფინანსებას მოიპოვებენ, რათა მოხდეს მცირე და ახალი პოლიტიკური პარტიების წახალისება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა. რაც შეეხება სარეკლამო დროს, აქაც პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას სარეკლამო დროის განაწილებასთან დაკავშირებით. ეს არის უფრო სამართლიანი მოდელი, რომელიც არჩევნებში რეალური პოლიტიკურ შედეგების მქონე პარტიებს აძლევს უფასო სარეკლამო დროს, რომელიც მათ გამოადგებათ თავის ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის. სარეკლამო დრო ექნებათ პარლამენტში შესულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც შეაგროვეს არანაკლებ 3% მხარდაჭერა. თუმცა, აქ აქვს რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას ინიციატივა 2%-მდე, რაზეც არ გვაქვს პრინციპული წინააღმდეგობა, თუ ოპოზიციაში იქნება ამაზე კონსენსუსი“, - განაცხადა თალაკვაძემ.