საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მისი საქმის პროკურორებს მიმართავს და ინტერესდება, რატომ არ დაიწყეს ძიება ე.წ. მუქარის წერილზე. ხაზარაძემ პროკურორებს სასამართლო პროცესზე მიმართა და აღნიშნა, რომ მათ უკვე ყველანაირი დოკუმენტაცია გააჩნიათ, რათა საქმის ძიება დაიწყონ.
„ახლა მაქვს კითხვა. ქალბატონო სალომე, როცა თქვენ თქვით და არ გამოყავით მუქარის წერილი ამ საქმიდან, რომელიც ჩვენ გახარიასგან მივიღეთ და ამბობდით, რომ დედანი არ არის, ჩვენ დედანი წარმოვადგინეთ. კითხვა არის ლეგიტიმური, რატომ არ აღძრავთ საქმეს, როცა გაქვთ ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი და არის თქვენს ხელში. მე გპირდებით ყველას, რომ ყველა ეს საქმე იქნება მიყვანილი ბოლომდე. აქ ლაპარაკი აღარაა დანაშაულზე ან უდანაშაულობაზე. მე უბრალოდ გული მწყდება, რადგან პროფესიული ღირსების გარდა არსებობს სინდისის და სირცხვილის გრძნობა. თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, ვინაიდან არ აშენებთ მომავალ საქართველოს", - მიმართა ხაზარაძემ პროკურორებს.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.